Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება


სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულმა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები" დატოვა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ განმარტა, რომ კოსტავამ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

„დღეს ოფიციალურად გაფორმდა კოსტავას ფრაქციიდან გასვლა. ის იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი საკრებულოში. ჩვენ სხვა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ის ჩვენთან ასოცირებული აღარ იქნება. მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია,"- განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

დღეს საღამოს 20:00 საათზე, ქუთაისის ადმინისტრაციული შენობის წინ, ორგანიზაცია „პოსტერუმ ქუთაისი“, სოციალური მანიფესტის გამართვას გეგმავს მოთხოვნით, რომ ნანა კოსტავამ დატოვოს დეპუტატის მანდატი.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუკის პირად გვერდზე გააზიარა ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო და ნიშნის მოგებით მიმართა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნინოს ხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაიღუპა. ნანა კოსტავას პოსტს საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

31 მაისს ნანა კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან.

ნანა კოსტავამ 31 მაისს ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ ის საკრებულოს მანდატს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დატოვებდა. თუმცა, 3 ივნისს, ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, მან განაცხადა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლის კატეგორიული თხოვნით გადაიფიქრა:

"ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა [საკრებულო], მე მგონი დავრჩები, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვრები, არ მიგვატოვო, შენი მართალი ხმა გაგვაგონე. ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ", - უთხრა ნანა კოსტავამ ტელეკომოანია "იმედს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG