Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ


ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გადაზარდეს ძალადობაში, რომელმაც მიიღო პარლამენტის შტურმის სახე, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც მიმართული იყო პოლიციის წინააღმდეგ და ინსტიტუტების წინააღმდეგ, ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე...

მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით. სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა იმ დონეზე, რომ პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, ის იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები - არალეტალური, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, აღმაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ მოქალაქეების მაპროვოცირებელი პოლიტიკოსები შემდეგ „მოედნიდან გაქრნენ“.

„ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა. პარტიათა კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ პოლიციელები და მოქალაქეები, რომლებიც ალალ პროტესტს გამოხატავდნენ... და 10 საათის შემდეგ არცერთი მათგანი (პოლიტიკოსი) იქ არ ყოფილა, ყველა უბრალოდ გაიქცა იქიდან. თავიანთი პროვოკაციების შემდეგ, ერთმანეთს შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, უკვე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას და შტურმში (გარდაქმნას) პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, - ამბობს შს მინისტრი.

გიორგი გახარია თავს არიდებდა საუბარს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით და ერთ-ერთ ჟურნალისტს ისიც უთხრა, რომ არ აინტერესებს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა. შს მინისტრმა ბოლოს ზოგადად აღნიშნა, რომ ფაქტებს შეისწავლიან - „იქ, სადაც იყო (ძალის) გადამეტების კონკრეტული ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დეტალურად შევისწავლით“.

გიორგი გახარიას კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:39 0:00

20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.

დღის განმავლობაში ცალკეული აქციების შემდეგ, საღამოს 7 საათიდან საქართველოს პარლამენტთან დაიწყო ხალხმრავალი აქცია, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და მოთხოვნების შესრულებას იქ დალოდებოდნენ. იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს ესროდნენ. აქციის დაშლის შემდეგ, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაედევნენ. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 305 პირი.

აქციის დაშლის შედეგად ორივე მხრიდან დაშავდა 240-მდე ადამიანი. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლებამ მათ ჯერ მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა, თითქმის მაშინვე დაიწყო ძალის გამოყენებაც.

XS
SM
MD
LG