„მოვაქციოთ პარლამენტი სიმბოლურ ალყაში, რადგან ჩვენ განვსაზღვრავთ, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა“, - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
ასე დასრულდა რუსთაველის გამზირზე აქციების მეხუთე დღე.
აქციების ორგანიზატორების თქმით, აქცია პარლამენტის წინ, 25 ივნისს, 19 საათზე კვლავ განახლდება.
დემონსტრანტების სამი მთავარი მოთხოვნიდან ერთი მოთხოვნა - საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, დაკმაყოფილებულია.
24 ივნისს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით.
რაც შეეხება დემონსტრანტების კიდევ ერთ მთავარ მოთხოვნა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.
დემონსტრანტების მესამე მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ 20 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტები.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.
21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.
სამართალდამცავებმა დააკავეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი.