Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმღერა ვიტოსთვის


დღეს მოსმენაზე უფრო წაკითხვა მინდა გთხოვოთ. თან, ცოტასი არა. რამდენიმე სტატიაა. უფრო სწორად, რეპორტაჟი. მძიმე წასაკითხია, მაგრამ, ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესია.

აი, ეს ბმულია - ყველაფერია, რაც რადიო თავისუფლებამ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე გააკეთა. ჩემი აზრით, თავიდან ბოლომდე წასაკითხია. თუმცა, თუ მაგდენი დრო ან ხალისი არა გაქვთ, სასამართლო სხდომების რეპორტაჟები მაინც. თუ ოდნავ მაინც რამე გაინტერესებდათ ამ საქმის შესახებ, ყველაფერს გაიგებთ.

აქ არც იმის დროა და არც ადგილი, რომ დაწვრილებით ავხსნათ, თუ რატომაა ეს საქმე ესოდენ მნიშნელოვანი. პირველ რიგში, ცხადია, იმიტომ, რომ სასამართლო განიხილავდა, მოკლეს თუ არა 25 წლის ვიტალი საფაროვი რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. მოსამართლემ თქვა არაო. თუმცა ის, რომ ეროვნება და ეთნიკური კუთვნილება ამ საქმეში მნიშვნელოვანი იყო, პროცესის განმავლობაში არაერთხელ გამოჩნდა.

ამ პროცესზე, ჩემი აზრით, ისიც გამოჩნდა, რომ დიუმას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა განყენებულად, ვაკუუმში არ მომხდარა. საქართველოში, როგორც ჩანს, უამრავი ცუდი პროცესი მიდის, რომელიც უმეტესწილად თვალსაა მოფარებული და, დროდადრო, ასე, ძალადობრივად ამოხეთქავს ხოლმე.

წაკითხვას მარტო იმიტომაც არ გთხოვთ, რომ საქმეა მნიშნელოვანი. რეპორტაჟებიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა რაც რადიო თავისუფლებას ოდესმე გაუკეთებია. ცოტა გული მწყდება, რომ ბოლო რამდენიმე სტატია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა „გადაფარა“.

სიმღერას რაც შეეხება - ვცადე ვიტოს ხსოვნისთვის შესაფერისი რამ ყოფილიყო - თან სიკვდილზე, თან სიცოცხლეზე... მინდოდა, სადმე ებრაული თემაც გამოჩენილიყო.

ბოლოს არჩევანი ამაზე შევაჩერე. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინდი სიმღერაა - Neutral Milk Hotel-ის In the Airplane Over the Sea.

მგონი შეეფერა. ერთი მხრივ, სიმღერის ტექსტის დიდწილად ანა ფრანკს შეეხება, მაგრამ უდროოდ შეწყვეტილ ნებისმიერ სიცოცხლეს მოუხდება სიტყვები:

What a beautiful face

I have found in this place

That is circling all round the sun

What a beautiful dream

That could flash on the screen

In a blink of an eye and be gone from me.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG