Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი თარგამაძე: რუსთაველზე თითქმის 18 ათასჯერ გაისროლეს


15 ათასი სამართალდამცველი, 100 სნაიპერი და 18 ათასი გასროლა, - 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში მონაცემებს აქვეყნებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რასაც წერს, მრავალჯერ არის გადამოწმებული, არაერთი წყაროდან მოწოდებულ, შეჯერებულ ინფორმაციას წარმოადგენს და ეჭვი არცერთ მონაცემში არ ეპარება.

გივი თარგამაძის ინფორმაციით, იმ ღამით თბილისში საგანგებოდ გადმოიყვანეს სამართალდამცველები საქართველოს არაერთი რეგიონიდან და ასევე „საოკუპაციო ხაზიდან მოხსნილი რამდენიმე დანაყოფი“.

„20 ივნისს მომიტინგეთა დარბევაში მთლიანობაში (როტაციის გათვალისწინებით) მონაწილეობდა დაახლოებით 15 000 პოლიციელი. კონკრეტულად, შემდეგი დანაყოფები:

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I, II, III სამმართველოები; კახეთის, აჭარის, ზუგდიდის, რუსთავის, მცხეთის, თბილისის, გორის, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოები; კრიმინალური პოლიცია; საოკუპაციო ხაზიდან მოხსნილი რამოდენიმე დანაყოფი; საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; საგანგებო სიტუაციების ცენტრი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური დეპარტამენტი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

განხორციელდა დაახლოებით 18 000 (!) გასროლა (გაზი და რეზინის ტყვიები ერთობლიობაში. ბოლოს ზოგს ტყვიები გაუთავდა და ერთმანეთს ართმევდნენ). სნაიპერები ისროდნენ წითელ ტყვიებს დაახლოებით 50 ვინჩესტერიდან. სულ მსროლელები იყვნენ 100“, - წერს გივი თარგამაძე.

თარგამაძის თქმით, „პარლამენტში მიტინგის დაწყებისთანავე იყო მობილიზებული 7000 პოლიციელი, რაც შენობაში შეღწევის ნებისმიერ ვერსიას იმთავითვე გამორიცხავდა“.

როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, „ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს - შესაბამისად, საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან“.

უწყების ცნობით, „20 ივნისს პარლამენტთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე და სათადარიგო დანაყოფები“.

XS
SM
MD
LG