Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილი: მიზანი აქვთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ იზოლაციაში


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურამ ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა ახალგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს მოეხსნა ყველა ბრალდება და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა.

2017 წელს, ე.წ-მა პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.

2019 წლის 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს ყველა ბრალდება მოუხსნა. ეს გადაწყვეტილება ე.წ-მა პროკურატურამ გასული კვირის ბოლოს გაასაჩივრა.

22 ივლისს, თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“ თქვა, რომ პროკურატურამ ახალგორის სასამართლოს გადაწყვეტილება ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, პრაქტიკულად, ბოლო წუთებში გაასაჩივრა.

„მთელი ეს ორი წელი მუდმივად დავდიოდი სასამართლოში, სადაც არ ცხადდებოდნენ მომჩივანები, ან პროკურატურის წარმომადგენელი. ექვს თვეში ერთხელ ესწრებოდნენ თითო საქმეს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ ასეთ პირობებში, რადგან ჯერჯერობით ვერ შევა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება“ - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

მისი ინფორმაციით, მეორე ინსტანციამ საქმე ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს, თუმცა, ე.წ. პროკურატურას შეუძლია დე ფაქტო უზენაეს სასამართლოსაც მიმართოს და ამ შემთხვევაში, ვადა შეზღუდული არ იქნება.

„ეს მიზანი აქვთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ იზოლაციაში. ფაქტიურად შინაპატიმრობაა ის მდგომარეობა, რაშიც მე ვარ“ - ამბობს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილს უკვე ორი წელია ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები, რომელთა გარეშე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში. მას შეზღუდული აქვს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება, ან სხვა ქვეყანაში ჩასვლა. ამ მიზეზით, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ვერ ახერხებს მაგალითად, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას და ურთიერთობას ნათესავებსა და ახლობლებთან. შეზღუდული აქვს შემოსავლის მიღების წყაროებიც.

სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, ადგილზე მასთან ურთიერთობა ყველას აუკრძალეს, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით.

თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მისი საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ ერგნეთში, ოსურ მხარესთან შეხვედრებზე მხოლოდ სამჯერ დააყენა.

მიუხედავად ყველაფრისა, ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწევს.

XS
SM
MD
LG