Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეთვალყურეო საბჭო დარწმუნებულია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში


მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურასთან, 2019 წლის 24 ივლისი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურასთან, 2019 წლის 24 ივლისი

„თიბისი ბანკის ჯგუფმა“ (TBC PLC) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ადასტურებს, რომ 24 ივლისს, საქართველოს პროკურატურის განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები.

„ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება. ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში” - ნათქვამია განცხადებაში.

„თიბისი ბანკის ჯგუფი“ აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეეცდებიან კვლავ შეუერთდნენ სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, ფულის გათეთრების შესახებ.

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭომ თავმჯდომარედ დაუყოვნებლივ დანიშნა უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე, რომელზეც არჩევანი გაკეთდა საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წაუყენა.

პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.“

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და თავისი სიმართლის დამტკიცებას აპირებენ. მამუკა ხაზარაძე, რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელიცაა, აცხადებს, რომ ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებისკენ.

XS
SM
MD
LG