Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებლად მოხდება


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ინიციატორი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იყო და პროექტის რეალიზაცია აუცილებლად მოხდება.

„ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება“ - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

მან ყველას მოუწოდა, ანაკლიის პორტი და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელთა ბრალდების საქმე ერთმანეთს არ დაუკავშირონ.

„სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, სწორედ მათ ინტერესშია, რომ ყველა ამ თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან“ - განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით ანაკლიის პროექტს მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი.

პრემიერ-მინისტრმა ყველას მოუწოდა თავისი განცხადებებით ზიანს ნუ მიაყენებენ „თიბისი ბანკსაც.“

„თიბისი ბანკი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის სისტემური ბანკია ჩვენი ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, ადრეც ვთქვი და დღესაც მსურს გავიმეორო და ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ, მათ შორის იქნება ეს მამუკა ხაზარაძე, თუ სხვა ადამიანები, ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან, ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი“ - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს აშშ-ის საელჩოს მიერ 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაზეც, რასაც პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალე სასამართლო პროცესი და ეს ასეც იქნება.“

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოში ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემაა და არანაირი კითხვის ნიშნები ამ პროცესის ირგვლივ არ იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG