მამუხა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარი გირაო შეეფარდათ.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნა, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.
პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
2018 წელს პროკურატურის მიერ დაწყებულ ამ გამოძიებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმთავითვე ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებდნენ.
2019 წლის გაზაფხულზე, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტი უარყო. ხაზარაძემ წერილი გამოძიებას წარუდგინა. მაშინ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი იმასაც აცხადებდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება დაპატიმრების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ხმებით
ივლისის დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.
მომდევნო სხდომა 12 სექტემბერს დაინიშნა.