Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იღებდნენ „ოსკარზე“ წარდგენილ ფილმს აგვისტოს ომზე -  ინტერვიუ ფილმის სცენარისტ ირაკლი სოლომონაშვილთან


„ოსკარზე“ საქართველოდან დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმი, „შინდისი“ გაიგზავნება და მონაწილეობას მიიღებს კონკურსში - საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.

დიტო ცინცაძის ფილმი შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება და მას საფუძვლად უდევს აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ნამდვილი ამბავი.

რადიო თავისუფლება გთავაზობთ ინტერვიუს ფილმის სცენარის ავტორთან, ირაკლი სოლომონაშვილთან.

რატომ აირჩიეთ სწორედ შინდისის ბრძოლის ეპიზოდი სცენარის და შემდეგ უკვე ფილმის მთავად თემად და საერთოდ, როგორ გაჩნდა ამ ამბის ფილმად ქცევის იდეა?

„შინდისის“ გადაღების იდეა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილს ეკუთვნის - მიზეზი კი, რატომაც აირჩა სწორედ ეს ამბავი ფილმის სიუჟეტად, მარტივია - ამ ბრიგადის ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელიც შინდისის ბრძოლაში დაიღუპა, მისი მეგობარი იყო. თავიდან მან დოკუმენტური ფილმის მასალა გადაიღო, მერე მე დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. ასე რომ, ამ მხატვრულ ფილმს წინ უსწრებდა სწორედ დოკუმენტური ფილმი ამ ამბავზე. შემდეგ შემოგვემატა მინდია ესაძე, ვოვა კაჭარავა და მეც სცენარის წერა დავიწყე.

ფილმის რეჟისორად დიტო ცინცაძის შერჩევა გუნდის გადაწყვეტილება იყო?

კი გუნდის. ცხადია, ვფიქრობდით რეჟისორის კანდიდატურებზე, ვინ გადაიღებდა ამ ფილმს. სცენარიც რამდენჯერმე გადავაკეთეთ. და ბოლოს დიტოზე შევჩერდით, ისიც დაგვთანხმდა და გადაღებები დავიწყეთ.

სცენარის წერა რთული იყო? მითუმეტეს ომზე, რომელიც ახლახანს მოხდა და ბევრი რამ ჯერ კიდევ გასააზრებელია. თან ასეთ თემაზე წერას სულ ახლავს საფრთხე, რომ პათეტიკური და ყალბი არ გამოვიდეს.

მართლა რთული იყო რეალურ ადამიანებზე და მათ რეალურ თავგადასავალზე წერა. მათ უკან დგას ოჯახები თავისი ამბებით და ა.შ. თან, ჩვენთვის ამ ომის შემდეგ არც ისე დიდი დროა გასული, თუმცა საქართველოს გარეთ, უამრავმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, რომ ეს ომი საერთოდ მოხდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სუბიექტურობა დაგვერღვია, რაც არ იყო ადვილი. არ ვიცი რამდენად გამოგვივიდა., მაგრამ რადგან ქართველები ვართ და ჩვენთვის კი ეს ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, ალბათ, მაინც რთულია რაღაც დოზით ეს სუბიექტურობა არ გაგეპაროს.

ყველაფერი რეალურია, რაც ფილმში ხდება თუ გამოგონილ მომენტებსაც ვნახავთ?

ფაქტობრივად ყვლაფერი სინამდვილეა. მხოლოდ ცალკეული დრამატურგიული გადასვლები გადავწყვიტეთ მხატვრულად.

ჯერ მხატვრული ფილმი არ მინახავს, თუმცა ნანახი მაქვს დოკუმენტური ფილმი "შინდისი", რომლის გმირები არიან ჯარისკაცებიც და ადგილობრივებიც - მხატვრულ ფილმში ვინ არის მთავარი გმირი? თუ თავად გმირობაა მთავარი ამბავი?

დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მცხოვრებთ, ვინც მაშინ დაჭრილი ჯარისკაცები გადაარჩინეს. მთავარი გმირები აქაც სოფლის მოსახლეები არიან. კერძოდ, ერთი ადამიანი და მისი მეუღლე. მეორე მთავარი პერსონაჟი კი მთელი სოფლის ერთგვარი კრებითი სახეა. ცხადია, ჯარისკაცები არიან გმირები, მაგრამ ფილმის მთავარ პერსონაჟებად ჩვენ ამ სოფლის მაცხოვრებლები ავირჩიეთ.

ფილმის ძირითად სცენებს სად იღებდით?

გორთან ახლოს. ძველი სამხედრო რკინიგზის სადგურის მიდამოებში.

როგორ ფიქრობთ, „ოსკარზე“ ამ ფილმის წარდგენა რატომ არის მნიშვნელოვანი და გამარჯვების რა შანსი აქვს მას?

ჩვენთვის, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი ნახონ მათ, ვინც არ იცის რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ასევე, შევახსენოთ ყველას, რომ ეს ომი იყო. შევახსენოთ ყველას, რა მოხდა მაშინ და რა დღეში ვართ დღემდე. და რაც შეეხება შანსებს, ძალიან რომ შევეცადო ობიექტური ვიყო, ვიტყვი, რომ ქართულ კინოში, ამ ჟანრში ასეთი ფილმი მგონი, არ გადაღებულა - მიუხედავად იმისა, რომ სულ ომზე ვწერ, ჩემთვისაც ბევრი რამ იყო მუშაობის პროცესში ახალი. და თუ „ოსკარსაც“ მიიღებს, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG