რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს სოფლის ნახირი, 25 სული ძროხა. კირბალელმა ღვთისო თაყაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ შეიარაღებული პირები ჩასაფრებულები იყვნენ სოფლის ტყესთან, გზის პირას და გამოჩენისთანავე ნახირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადარეკეს.
„ძროხები უცხო გზაზე რომ მოხვდნენ, დაიფანტნენ და შემდეგ თვითონვე გამოიგნეს გზა. ჩემი ძროხაც სახლში გვიან ღამით მოვიდა. 8 სული კი საერთოდ დაიკარგა. მაგ ტყესთან სულ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ მოგვეპარონ და დაგვიჭირონ. მეც რამდენიმე წლის წინ დამიჭირეს და ცხინვალის იზოლატორში 14 დღე გავატარე“ - ამბობს ღვთისო თაყაძე.
კირბალელებმა საქონლის გატეცების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პოლიციელებს აცნობეს.