Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ორფოლოს პოლიგონზე: გზა ნატოსკენ არის გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ და რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ - ამ სიტყვებით მიმართა მან ჯარისკაცებს ორფოლოს პოლიგონზე, სადაც მრავალეროვნული სწავლება “მტკიცე სული - 2019" დასრულდა.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ქართველ მეომრებს საუკუნეების მანძილზე ახასიათებდა მტკიცე სული, ხოლო წლევანდელი სწავლების წარმატებით დასრულებით, საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება მიზანს:

„ამ სწავლების მთავარი გზავნილი, „ძალა პარტნიორობაშია“ - მთლიანად შეესაბამება ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ არჩეული გზის ერთგულებას... ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ნაბიჯი, რომელიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარეობს.

„საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, ორიენტირებულია მშვიდობის განმტკიცებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტასა და სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. ჩვენ ამ კურსიდან არ გადავუხვევთ. ჩვენი გზა - ეს არის გზა, რომელიც თანაბრად სჭირდება საქართველოს და მის საერთაშორისო პარტნიორებს, რამეთუ მშვიდობა და სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო დღეს ძალიან სჭირდება არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩვენთვის, ქართველებისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ამ საქმეში ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში საჩვენებელი წვრთნით დასრულდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019(მტკიცე სული 2019). რიგით მეცხრე სწავლების დახურვის ცერემონია ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა.

მრავალეროვნულ სწავლებაში, რომელიც 27 ივლისიდან მიმდინარეობდა, ჩართული იყო ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო. მონაწილე ქვეყნები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG