საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციად აფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის და „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი განაგრძობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ისინი არა მარტო ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას აწარმოებენ, არამედ ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციასაც განაგრძობენ, რაც ძალიან სამწუხაროა“ - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ, რომელიც დიდგორობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ობიექტური რეალობა ის არის, რომ კანონი უზენაესია.
“უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, შინაარსობრივ კომენტარს კონკრეტულ საქმეებზე ვერ გავაკეთებ. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ და მას ყველამ პატივი უნდა სცეს” - განაცხადა ბახტაძემ.
ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს ისიც ჰკითხეს, ხომ არ უკავშირდება ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მზადებას. მამუკა ბახტაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ საარჩევნოდ შემუშავებული აქვთ პროგრამა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე წარდგება და ეს პროგრამა სწორად და ადეკვატურად პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ ყველა მტკივნეულ გამოწვევას.