Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი გვარამიას საქმეზე გეგმავს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართვას


ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მის ინტერესს იწვევს კრიტიკული მედიის ყოფილი ხელმძღვანელის და ხელისუფლებისადმი თავადაც კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მიმართ დაწყებული დევნა.

უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის შესახებ საუბრისას ლომჯარია ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებულია, დაამტკიცოს დანაშაულებრივი განზრახვა. ამასთან, როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია დასაბუთებული მსჯელობა, იმის დასადასტურებლად, რომ ეს კონკრეტული დავა სისხლის სამართლის განსჯადობის ნაწილს ეკუთვნის და ამ თვალსაზრისით, პროკურატურამ მეტი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

სახალხო დამცველის ოფისი ნიკა გვარამიას საქმეში ჩართვას გეგმავს.

„ვგეგმავ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მივმართოთ სასამართლოს, ასევე მზად ვარ შევხვდე პროკურატურის წარმომადგენლებს და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო,“ - თქვა ლომჯარიამ.

აქვე სახალხო დამცველი არაადეეკვატურად მიიჩნევს სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების მიზეზად მოწმეთა მიმართ ზეწოლის თავიდან არიდების დასახელებას.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას 9 აგვისტოს წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. გენერალური პროკურატურა 80 000-ლარიან გირაოს მოითხოვდა.

XS
SM
MD
LG