ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეძენის სურვილი ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ. მისი ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის გაყიდვის ვადას სავარაუდოდ, არ გააგრძელებს.
„ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. იმ პირობის შესაბამისად, რაც ხალვაშს ჰქონდა განცხადებაში, აუცილებლად ყველა შეიტყობდით ამის თაობაზე. წინაპირობა იყო საჯაროდ დაფიქსირება პოზიციისა შესყიდვასთან დაკავშირებით. ერთი კვირა ამოიწურება ორშაბათს, შესაბამისად, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა, მე არ მგონია, რომ კიდევ ვადის გახანგრძლივებაზე იყოს საუბარი იმიტომ, რომ მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებლად აუცილებელი გადაწყვეტილებებია მისაღები. ვეღარ დაველოდებით კიდევ ვადის გაგრძელებას“ - განაცხადა პაატა სალიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, თუ ტელეკომპანიის შეძენის მსურველი ვადის ამოწურვამდე არ გამოჩნდება, ქიბარ ხალვაშს თავდაპირველად საკუთარი სახსრების მოძიება, შემდეგ კი ფინანსური ინსტიტუტების დახმარება დასჭირდება.
„ასამოქმედებელი იქნება სხვა გეგმა, რომელიც ტელევიზიის გაჯანსაღებისკენ იქნება მიმართული, ასევე ფინანსური ვალდებულებების და პრობლემების გადალახვისკენ. თუ ვერ მოხერხდება მსყიდველის მოძიება, ფინანსურ ინსტიტუტებთან დაიწყება მოლაპარაკებები, რომ მოხდეს დამატებითი სახსრების მოძიება და დეფიციტების შევსება, რაც გვაქვს. საუბარია ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტზე. გვესმის, რომ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება და თუ ამ გეგმის ამოქმედება მოგვიწია, ქიბარ ხალვაშს მოუწევს თავიდან საკუთარი ფინანსური სახსრების მობილიზება და შემდგომ უკვე დამატებითი თანხების მოძიება ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. ეს შეიძლება იყოს ქართული ბანკებიც“ - განაცხადა პაატა სალიამ
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს გამოაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს ყიდის.