Accessibility links

საგარეო უწყება აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე: უკანონოა და სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება


ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას“ უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ არჩევნები ვერ ჩაითვლება კანონიერად იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონში ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა და ვითარებას საოკუპაციო ძალა აკონტროლებს.

„იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, - აცხადებს საგარეო უწყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების შესახებ.

საგარეო უწყება მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს უკანონო პროცესის შესაჩერებლად.

„ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები იმართება. ამ ე.წ. არჩევნების პროცესი ტარდება რუსეთშიც და ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვშია გახსნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG