Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარელში ხანძარი ისევ მძვინვარებს


ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, 25 აგვისტოს, გათენებისთანავე განაახლა მუშაობა სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. ვერტმფრენები წყლის მარაგის შესავსებად სოფელ ზინობიანის ტბას იყენებენ.

„სამი ვერტმფრენი გათენებიდან მუშაობს და პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები აგრძელებდნენ ცეცხლის კერებზე მუშაობას. ასევე, იჭრება გზა, რომ სახანძრო-სამაშველო მძიმე ტექნიკამ შეძლოს უშუალოდ ცეცხლის კერებამდე მისვლა“, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყება რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს ინფორმაციას ცეცხლის ახალი კერების გაჩენის შესახებ და ასევე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არის საფრთხე, რომ ცეცხლმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწიოს.

ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებსა და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტარამდე ტერიტორია.

XS
SM
MD
LG