Accessibility links

ალექსანდრ ლუკაშენკა არ გაემგზავრება პოლონეთში, ვინაიდან 1 სექტემბრის ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ ვლადიმირ პუტინი


ალექსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა არ გაემგზავრება პოლონეთში 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად. როგორც პოლონეთის გაზეთი Rzeczpospolita წერს, ამის მიზეზი ისაა, რომ ვარშავამ უარი თქვა საზეიმო ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიჟებაზე.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ პუბლიკაციაზე კომენტირებისას განაცხადეს, რომ „თავი უნდა დაანებონ კონსპიროლოგიას“. სამინისტროს თანახმად, მინსკს „ყოველთვის ჰქონდა და აქვს გამჭვირვალე და მკაფიო მიდგომა“ - ნაციზმზე გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა სსრკ-ის ყველა ხალხმა. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრემდივანმა, ანატოლი გლაზმა ასევე აღნიშნა, რომ ვარშავაში არ დაუპატიჟიათ ყაზახეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები და რუსეთი.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ალექსანდრ ლუკაშენკა 2019 წლის მარტში დაპატიჟა მეორე მსოფლიო ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. მიწვევა მიიღეს ასევე ევროკავშირის, ნატოსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრთა ლიდერებმა. ვლადიმირ პუტინი არ მიუწვევიათ. ამასთან, მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პუტინის მიწვევის რეკომენდაცია გააკეთა. მაგრამ აღნიშნა, რომ სტუმართა სიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფოს მეთაური.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ 1 სექტემბერს ვარშავის ღონისძიებებზე ბელარუსს წარმოადგენს ქვეყნის ელჩი პოლონეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG