Accessibility links

ზურაბ ჭიაბერაშვილი: გიორგი გახარიას დაწინაურება საზოგადოების თავხედური გამოწვევა იქნება


ზურაბ ჭიაბერაშვილი

პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან" ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებით "ქართული ოცნება" თავიდან ვერ აიცილებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

"ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ პრემიერების, ან მინისტრების ცვლილებით თავს დააღწევს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც აუცილებლად დადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა მას ხალხი აუცილებლად გაუშვებს ძალაუფლებიდან" - უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს, ფეისბუკით გაავრცელა განცხადება, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი შემცვლელის ვინაობას „ქართული ოცნება“ 3 სექტემბერს დაასახელებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ხალხისთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.

"მაგრამ თუ ივანიშვილი მაინც გადაწყვეტს, რომ გახარია დააწინაუროს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ეს იქნება თავხედური გამოწვევა ქართული საზოგადოების და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება ამას საკადრის პასუხს გასცემს" - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საქართველოში აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. რამდენიმემ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG