Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანური სამშვიდობო პროცესის ორი პოლუსი


აფეთქება ქაბულის "მწვანე ზონასთან"
აფეთქება ქაბულის "მწვანე ზონასთან"

2 სექტემბერს ქაბულის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე დაცულ რაიონში, თალიბების სისხლიანმა თავდასხმამ, რასაც სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, შიშის გარდა, მოსახლეობაში აღშფოთებაც გამოიწვია, ოღონდ მათი რისხვა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ აღმოჩნდა მიმართული, რომლებიც თავად არიან ექსტრემისტების სამიზნე.

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოელებმა დატოვონ ჩვენი რაიონი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ გამო ჩვენ ვზარალდებით. ისინი აქ ჩვენ აღარ გვჭირდებიან“, - განაცხადა „მწვანე სოფლის“ მახლობლად მცხოვრებმა აბდულ ჯამილმა, რომელიც რამდენიმე ათეულ სხვა მეზობელთან ერთად მონაწილეობდა ტერაქტის შემდეგ მოწყობილ სპონტანურ საპროტესტო აქციაში.

ქაღალდზე შეთანხმებული პრინციპები

ეს არის იარაღი მათ ხელში და ისინი ამას მანამდე გამოიყენებენ, სანამ არ მიაღწევენ თავიანთ მიზანს
რაჰიმულა იუსუფზაი, ექსპერტი


უფრო ადრე, იანვარში დანაღმული სატვირთოს აფეთქებამ „მწვანე ზონის“ მახლობლად 4 ადამიანი იმსხვერპლა, 100 კი დაიჭრა.

ქაბულის ყველაზე უფრო მძლავრად დაცულ „მწვანე ზონაში“ მდებარეობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და საელჩო, მათ შორის აშშ-ის, იმ ქვეყნის საელჩო, რომლის სპეციალური წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი, ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს თალიბებთან დოჰაში და ცოტ ხნის წინ ქაბულში ყოფნის დროს განაცხადა, რომ პროცესი მიუახლოვდა შეთანხმების ფაზას - პროექტის დონეზე გაწერილია ჩარჩო-პრინციპები და ვალდებულებები.

"არსებითად, ქაღალდზე ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, მაგრამ იგი არ არის საბოლოო, ვიდრე მასზე თავის თანხმობას არ განაცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი“, - თქვა ქაბულში მყოფმა ზალმაი ხალილზადმა ავღანურ ტელეარხ „ტოლონიუსთან“ ინტერვიუში.

ზალმაი ხალილზადმა თალიბებთან მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმების პროექტი, ორშაბათს გააცნო ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის, რომელიც სკეპტიკურად ეკიდება მეამბოხეებთან მოლაპარაკებას იმის გამო, რომ, თალიბების მოთხოვნით, ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში.

ავღანეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ვაჰიდ ომერმა 2 სექტემბერს ტვიტერში გაავრცელა ცნობა ზალმაი ხალილზადისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის შეხვედრის შესახებ, რომლის დროსაც ვაშინგტონის წარმომადგენელმა წარმოადგინა ჩარჩო-შეთანხმების პროექტის ასლი.

სხვა დეტალებზე აშშ-ის სპეციალურ წარგზავნილს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. თავისი აზრი არ გამოუხატავს არც ავღანეთის ხელისუფლებას, რომელსაც ყატარში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ასლი ჩაბარდა.

როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, თუ თალიბები ხელს მოაწერენ შეთანხმების პროექტს, აშშ, თავის მხრივ, 135 დღის განმავლობაში გაიყვანს ავღანეთიდან 5 400 ჯარისკაცს. ამით დაიწყება ამჟამინდელი 14- ათასკაციანი ამერიკული კონტინგენტის თანდათანობით გასვლის პროცესი ავღანეთიდან, სადაც ამერიკული სამხედროები თავიანთ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საომარი მისიით იმყოფებიან.

გავრცელებული ცნობებით, თალიბებთან გარიგება ითვალისწინებს ძალადობის შეწყვეტას ავღანეთის რამდენიმე რაიონში, საიდანაც ამერიკული ჯარების გასვლა დაიწყება, თუმცა არ არის ცნობილი დეტალურად, როგორი იქნება ამ შემცირების ხასიათი და არც ის, მოჰყვება თუ არა ამას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემდგომი ქვეყნის სხვა რეგიონებზეც. იუწყებიან, რომ ზალმაი ხალილზადმა ავღანეთის ლიდერებს პირობა მისცა, რომ აშშ დაიტოვებს უფლებას დაეხმაროს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს მათზე თალიბების თავდასხმის შემთხვევაში.

„იარაღი თალიბების ხელში“

ჯარის მნიშვნელოვანი გაყვანა უნდა იყოს განპირობებული საბოლოოდ მშვიდობით, უნდა მოსდევდეს რეალურ სამშვიდობო შეთანხმებას და წინ არ უნდა უსწრებდეს მას.
9 ამერიკელი დიპლომატი


ამერიკული ჯარების პირველ დანაყოფთა გასვლის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია თალიბებთან მიღწეული შეთანხმებისა, რომლის ტექსტი საგულდაგულოდ არის გასაიდუმლოებული.

პირველი ამერიკული ქვედანაყოფების გასვლა გამოიწვევს ხუთი სამხედრო ბაზის დახურვას ან მათ გადაცემას ავღანეთის ხელისუფლების განკარგულებაში.

ზოგიერთი დასავლური წყაროს ცნობით, ამერიკული ქვედანაყოფის რაოდენობრივი შემცირების პასუხად, თალიბებმა პირობა უნდა დადონ, რომ გაწყვეტენ კავშირს ალ-ყაიდასთან და ღია მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან ავღანეთის ხელისუფლებასთან საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად.

მაგრამ ბოლო დღეების ძალადობის ქრონიკა აშკარად საწინააღმდეგოზე მიუთითებს.

იმ ფონზე, როდესაც თალიბების მომლაპარაკებლები ყატარის დედაქალაქ დოჰაში დიპლომატიურ ფრონტზე განაგრძობდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებას, დაჯგუფების მებრძოლები ერთბაშად რამდენიმე მიმართულებიდან დაესხნენ თავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩრდილოეთის ქალაქ კუნდუზს, შემდეგ კი, 1 სექტემბერს, ბაღლანის პროვინციის დედაქალაქ პული-ხუმრიზე მიიტანეს იერიში.

ანალიტიკოსთა აზრით, თალიბი მეამბოხეები არც შემდეგში შეწყვეტენ თავდასხმებს, რადგან ისინი დარწმუნებული არიან, რომ სწორედ მათი სამხედრო ძალის დემონსტრირებამ აიძულა ვაშინგტონი წამოეწყო მოლაპარაკებები, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხია საერთაშორისო ძალების გაყვანა ავღანეთის ტერიტორიიდან.

„ეს არის იარაღი მათ ხელში და ისინი ამას მანამდე გამოიყენებენ, სანამ არ მიაღწევენ თავიანთ მიზანს“, - განუცხადა თალიბების ექსპერტმა რაჰიმულა იუსუფზაიმ „ასოშიეტიდ პრესს“.

ამჟამად ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხადარჭერის“ მისიაში RSM, დაახლოებით, 17 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს. აქედან ყველაზ მეტი - 8475 ჯარისკაცი - ნატოს დროშების ქვეშ აშშ-ს ჰყავს.

პენტაგონის თანახმად, ავღანეთში დღესდღეობით, მთლიანობაში, 14 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

ალიანსის საიტის თანახმად, ნატოს არაწევრი საქართველო 870 ჯარისკაცით მეხუთე ადგილზეა კოალიციის დიდი სახელმწიფოების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის - შემდეგ.

საქართველოს ქვედანაყოფი ალიანსის სხვა წევრებთან ერთად, მეათე წელია, იმყოფება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო „ცხელ წერტილში“.

ჩვენ მივუახლოვდით ინტერვენციის შეწყვეტას და ავღანეთისათვის სამშვიდობო მოწესრიგების მიღწევას
სუჰაილ შაჰინი, თალიბების წარმომადგენლები


თავდაპირველად ქართული კონტინგენტი წარმოდგენილი იყო ნატოს მრავალეროვნულ საბრძოლო ოპერაციაში (ISAF), 2015 წლიდან კი - უფრო ნაკლებად სახიფათო „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM).

ავღანეთში მონაწილეობის განმავლობაში საქართველომ 32 მებრძოლი დაკარგა.

„ჩვენ მივუახლოვდით ინტერვენციის შეწყვეტას და ავღანეთისათვის სამშვიდობო მოწესრიგების მიღწევას“, - დაწერა 1 სექტემბერს თალიბების წარმომადგენელმა ყატარში სუჰაილ შაჰინმა თავის „ტვიტერში“.

მსგავსი განცხადებების და თალიბების მიერ სექტემბრის დასაწყისში მოწყობილი თავდასხმების ფონზე ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის ნაჩქარევი გაყვანას შეცდომად მიიჩნევენ აშშ-ის 9 ყოფილი ელჩი. ისინი შიშობენ, რომ ავღანეთი შესაძლოა "ტოტალურმა სამოქალაქო ომმა" მოიცვას, ვიდრე "რეალური" შეთანხმება არ გაფორმდება თალიბებთან ქაბულის ხელისუფლების მონაწილეობით.

"ჯარის მნიშვნელოვანი გაყვანა უნდა იყოს განპირობებული საბოლოოდ მშვიდობით, უნდა მოსდევდეს რეალურ სამშვიდობო შეთანხმებას და წინ არ უნდა უსწრებდეს მას", - ნათქვამია ყოფილი დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ანალიტიკურმა ორგანიზაცია ატლანტიკურმა საბჭომ 3 სექტემბერს გაავრცელა.

უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეინარჩუნებს სამხედრო ძალას ავღანეთში მას შემდეგაც, თუ მიღწეული იქნება სამშვიდობო შეთანხმება თალიბანთან. ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის რაოდენობა შემცირდება 8600 კაცამდე, - განაცხადა 29 აგვისტოს „ფოქს ნიუსთან“ რადიოინტერვიუში ტრამპმა და დასძინა, რომ ამერიკული სამხედრო ძალა ავღანეთში ყოველთვის იქნება წარმოდგენილი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG