Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიდო ავღანეთის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში, სავარაუდოდ, სადავო სამშვიდობო გეგმის გამო


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გადადო ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი, რომლის დროსაც ის აპირებდა მსჯელობას ავღანეთში 18-წლიანი ომის დასრულების მიზნით, აშშ-სა და თალიბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გარშემო.

ავღანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრმა რადიო თავისუფლებას 6 სექტემბერს ანონიმურად აცნობა, რომ ვიზიტი გადაიდო „აშშ-ის მთავრობის მხრიდან“ იმის გამო, რომ პრეზიდენტი აშრაფ ღანი „ეწინააღმდეგება იმ სამშვიდობო შეთანხმების პროექტს“, რომელზეც აშშ-ისა და თალიბების წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს.

ავღანეთის პრეზიდენტი 7 სექტემბერს უნდა გამგზავრებულიყო დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 9 სექტემბერს შეხვდებოდა.

მანამდე აშშ-ის წარგზავნილმა თალიბებთან მოლაპარაკებაზე ზალმაი ხალილზადმა სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ტექსტი გააცნო ავღანეთის მთავრობას, რომელიც, თალიბების დაჟინებული მოთხოვნით, არ იღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ყატარის დედაქალაქ დოჰაში.

ზალმაი ხალილზადი აცხადებს, რომ მხარეებმა შეთანხმებას „პრინციპში“ მიაღწიეს. ავღანეთის ხელისუფლებას კრიტიკული მოსაზრება აქვს შეთანხმების შინაარსსა და ქვეყნის ტერიტორიიდან ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ვადებთან დაკავშირებით. თალიბების მხრიდან გააქტიურებული თავდასხმების ფონზე, რამდენიმე გავლენიანი ამერიკელი დიპლომატიც ფიქრობს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ქვედანაყოფის ნაწილის გაყვანის შემდეგ ქვეყანა, შესაძლოა, სამოქალაქო ომში აღმოჩნდეს ჩათრეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG