ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა, მისი ქვეყნის პარლამენტს შეატყობინა, რომ ჰოლანდიელმა პროკურორებმა შესძლეს დაეკითხათ ვლადიმირ ცემახი, პირი, რომლის დაკითხვაც მათ სურდათ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით. დაკითხვა შედგა ცემახის მოსკოვში გამგზავრებამდე, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმართა გაცვლის ოპერაციის ფარგლებში.
მანამ, სანამ კიევმა და მოსკოვმა 35-35 პატიმარი გაცვალეს, ჰოლანდიელმა პროკურორებმა "იურიდიული არხებით ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ", რომ ცემახი შეეხვედრებინათ გამომძიებელთა გუნდისთვისო, თქვა ბლოკმა. მისი თქმით, ამის პასუხად მათ კიევი დაპირდა პატიმართა გაცვლის გარკვეული დროით გადადებას, რათა ჰოლანდიელ პროკურორებს დრო მისცემოდათ ცემახის დასაკითხად, და ეს ასეც მოხდა. მას არ დაუკონკრეტებია რამდენი ხნით გადაიდო ოპერაცია, ან მოიპოვეს თუ არა რაიმე ინფორმაცია ცემახის დაკითხვის შედეგად.
გავრცელებული ცნობებით, ცემახი ხელმძღვანელობდა საჰაერო თავდაცვით დანაყოფს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების რიგებში, ქალაქში, რომელთან ახლოსაც 2014 წლის ივლისში ჩამოაგდეს თვითმფრინავი. ის ჩამოგდებულ იქნა რუსეთში წარმოებული რაკეტით.