Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთსა და აფრიკაში მყოფ ქართველ სამხედროებს მიმართა


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ სამხედროებს სამინისტროს მართვის ცენტრიდან, ტელეხიდით მიმართა: „მინდა ყველას დაგიდასტუროთ ჩემი მოწიწება და პატივისცემა. ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი პირობები გაუმჯობესდეს, რომ ვიზრუნო თქვენი ოჯახების უკეთეს მდგომარეობაზე.“

თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ამ დღეებში საქართველოში იმყოფებოდნენ ამერიკელი კოლეგები და ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართველი სამხედროების გმირობა სამაგალითოა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა თუ არის დაფასებული მთელ მსოფლიოში და საერთაშორისო არენაზე ჩვენ თუ გვაქვს ღირსეული ქვეყნის სახელი, ეს არის სწორედ თქვენი დამსახურება. მე მინდა ამის გჯეროდეთ და ყოველთვის, ყველას გვახსოვდეს, რომ თქვენი და თქვენნაირი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა. სიცოცხლის ფასად თქვენ რისკავთ და იცავთ ჩვენს სახელს და ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს ემსახურებით“, - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მშვიდობისდამცველებს.

უახლოეს ხანში თავდაცვის მინისტრი ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ჩასვლას გეგმავს.

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ხოლო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG