Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსით დაკითხეს


ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსით დაკითხეს დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დახურულ სხდომაზე დაკითხვის შემდეგ ზაზა სარალიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარალიძე ადვოკატის დასწრების გარეშე დაიკითხა. ადვოკატ ნესტან ლონდარიძის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება არასწორია, რადგან დაზარალებულს აქვს უფლება, ჰყავდეს ადვოკატი.

„მხოლოდ ერთ რამეზე შემიძლია გავამახვილო ყურადღება, რომ რატომღაც მხარე (დაცვის) ცდილობს სასამართლო პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს და კითხვებიც სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობდა. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად გვინდა დავაფიქსიროთ, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივი დაზარალებული მხარის მოქმედებებში არ ფიგურირებდა. ჩვენი ერთადერთი სურვილია სამართლიანობის აღდგენა და ის, რომ დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა საქმეში“ - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მიხეილ კალანდიას დაცვის მხარე და ოჯახი აცხადებენ, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმეს პოლიტიკური მოტივი აქვს.

ბრალდებულია ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ მას თითქმის ყველა შეკითხვაზე უპასუხა და ამ პასუხების ნაწილით კმაყოფილია. ადვოკატმა დაადასტურა, რომ მართლაც ჰქონდა კითხვები პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით: „ეს ორი გაუბედურებული ადამიანი (სარალიძე და მაჩალიკაშვილი) გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად... ზაზა სარალიძემ, მართალია, თქვა, რომ მას დღეს არანაირი დამოკიდებულება არა აქვს პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ მისი წინა განცხადებები საპირისპიროს ამტკიცებს. თუმცა, ამბობს, რომ ეს იყო წინათ და ახლა მთელი მისი პოლიტიკა ის არის, რომ მის შვილთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ზაზა სარალიძეს ნათქვამი აქვს, რომ მან ზვიად კუპრავასთან ერთად ჩაატარა დამოუკიდებელი გამოძიება და მივიდა იმ აზრამდე, რომ მიხეილ კალანდიამ შექმნა შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც განზრახული ჰქონდა ადამიანის მკვლელობა. მაინტერესებდა, თუ რამ მიიყვანა სარალიძე ამ დასკვნამდე, რაზეც მიპასუხა ეს მიხეილ კალანდიას ჰკითხეთო. კალანდიას ასეთი რამ არსად უთქვამს“.

სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით.

ერთი დღით ადრე, 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულმა გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში პრაქტიკულად, შეუჩერებლად აწარმოებდა ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე და გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.

შსს-ს განცხადებითვე, „სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ."

არასრულწლოვან დავით სარალიძეს 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. ამავე ჩხუბის დროს მოკლეს არასრულწოვანი ლევან დადუნაშვილიც. მისი მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ-ს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების მიმდინარეობისას მუდმივად აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა მიხეილ კალანდიაც. კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი რეკომენდაცია.

XS
SM
MD
LG