აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მას შეუძლია დაადასტუროს, რომ ჰამზა ბინ ლადენი, „ალ-ყაიდის“ დაღუპული ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, მოკლულია ავღანეთ-პაკისტანის საზღვრისპირა რაიონში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად.
„ჰამზა ბინ ლადენის სიკვდილი ‘ალ-ყაიდას’ არა მარტო სამეთაურო უნარებსა და მამამისთან სიმბოლურ კავშირს ართმევს, არამედ ძირს უთხრის ჯგუფის მნიშვნელოვან ოპერატიულ საქმიანობას“, - თქვა ტრამპმა 14 სექტემბერს თეთრ სახლში გამოსვლისას.
31 ივლისს მედია აშშ-ის სადაზვერვო უწყებებზე დაყრდნობით იტყობინებოდა ჰამზა ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა დაადასტურა მისი სიკვდილი, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჰამზა ბინ ლადენი ოსამა ბინ ლადენის 20 შვილიდან მე-15 იყო. „ალ-ყაიდის“ დამაარსებელს ის მესამე ცოლისგან ჰყავდა. ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 30 წლის იყო.
თებერვალში აშშ-ის მთავრობამ 1 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა ჰამზა ბინ ლადენის მოკვლისთვის. ვაშინგტონის თქმით, ის „ალ-ყაიდაში“ ლიდერი ხდებოდა.
ჰამზა ბინ ლადენი აქვეყნებდა აუდიო და ვიდეომიმართვებს, რომლებშიც აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმების მოწოდებით გამოდიოდა, განსაკუთრებით იმისთვის, რომ შური ეძია მამამისის, ოსამა ბინ ლადენის სიკვდილისთვის. ოსამა ბინ ლადენი აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა პაკისტანში 2011 წლის მაისში.