Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გურიის მოამბის“ რედაქტორი: პირი, რომელიც მემუქრებოდა, თბილისის მერიის თანამშრომელია


გაზეთ „გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე მხილებული პირი თბილისის მერიის თანამშრომელი აღმოჩნდა, ეუბნება „გურიის მოამბის“ რედაქტორი თეა იოსელიანი რადიო თავისუფლებას და თბილისის მერიის ერთ-ერთ კონკრეტულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს ასახელებს.

პირის ვინაობის შესახებ თეა იოსელიანმა გურიის პოლიციის დეპარტამენტში შეიტყო, როდესაც მას დაზარალებულად ცნობის შესახებ ცნობა და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი გადასცეს.

თეა იოსელიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ დაკითხვის ოქმის მიხედვით, ბ.მ. მუქარას 20-21 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ მოვლენებთან აკავშირებს და მოტივად თბილისის მერიის მისამართით თეა იოსელიანის პოსტს ასახელებს, რომლის შინაარმაც „ძალიან გააღიზიანა“.

თეა იოსელიანი დასძენს, რომ „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით მას მართლაც ჰქონდა მკვეთრად ურყოფითი დამოკიდებულება, თუმცა ამ საფუძვლით სოციალურ ქსელში არც მერიის და არც თბილისის მერის მიმართ არაფერი დაუწერია.

„ნებისმიერი ჩემი პოსტი არის საჯარო და მასზე წვდომა ნებისმიერისთვის არის შესაძლებელი. ის მოტივი, რაც მე ბრალდებულის აღიარებით ჩვენებაში წავიკითხე, აბსოლუტურად აცდენილია რეალობასაც და ლოგიკასაც. კიდევ ერთი მომენტი, ბრალდებული ამბობს, რომ ის არ მიცნობს და არ იცის, შვილები მყავს თუ არა და ამ შემთხვევაში ვერ ხსნის, რატომ არ განახორციელა მუქარა პირადად ჩემზე, ვისი კომენტარითაც თურმე ის გაღიზიანდა“, - ამბობს თეა იოსელიანი.

რადიო თავისუფლება თბილისის მერიისგან ელოდება ინფორმაციას „გურიის მოამბის“ რედაქტორის მიერ დასახელებული პირის შესახებ.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას მხოლოდ შემდეგი განუცხადეს:

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჰყავს ათეულობით ათასი თანამშრომელი. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თითოეულ თანამშრომელს, თუმცა, თუ ვინმეს რაიმე სახის სამართალდარღვევა ჰქონდა, ამას კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

„გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ამხილა - 1986 წელს დაბადებული ბ.მ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი „ფეისბუკის“ მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, - შსს-ს თანახმად, მხილებული ახალგაზრდა მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„გურიის მოამბის“ რედაქტორმა თეა იოსელიანმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ სოციალური ქსელით უცნობი პირისგან მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მას შვილების მოკვლით დაემუქრნენ. თეა იოსელიანი მუქარის გზავნილს პროფესიულ საქმიანობასთან აკავშირებდა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG