Accessibility links

„შვილებს დაგიხოცავ“ - მუქარა ჟურნალისტზე გურიაში


თეა იოსელიანი "გურიის მოამბის" რედაქტორი

„მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს. მე დაგიხოცავ“ – „გურიის მოამბის“ რედაქტორმა თეა იოსელიანმა უცნობი პირისგან ფეისბუკზე გამოგზავნილი ეს შეტყობინება რამდენიმე დღის დაგვიანებით ნახა და პოლიციას მიმართა.

გამომგზავნს, თუ ამ გვარ-სახელის ადამიანი ნამდვილად არსებობს და მისი ფეისბუკის პროფილი ყალბი არ არის, ჟურნალისტი არ იცნობს.

თეას, როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, არც პირადი მტრები ჰყავს. ამიტომ ერთადერთი, რასაც ის შვილების დახოცვის მუქარას უკავშირებს, მისი ჟურნალისტური საქმიანობაა.

„დარწმუნებული ვარ, ყალბი პროფილიდან მწერს, მაგრამ მის უკან ხომ კონკრეტული ადამიანი დგას?“ - გვითხრა თეა იოსელიანმა, რომელიც 16 წელია მედიაში მუშაობს და მსგავსი მუქარა აქამდე არასოდეს მიუღია.

რა შეიძლება გამხდარიყო ჟურნალისტზე ასეთი მუქარის მიზეზი? თავად თეა იოსელიანი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ვინმე მისი კრიტიკული ფეისბუკპოსტებით გაღიზიანდა. ან სულაც „გურიის მოამბის“ აქტიურობით.

„მე წინა ხელისუფლების დროსაც კრიტიკული ვიყავი მათ მიმართ და ახლაც ასეა. თუმცა ყველაფერი, რასაც ვაშუქებთ, ფაქტებზე დამყარებული და ათასჯერ გადამოწმებულია. „გურიის მოამბეც“ მუდამ მოვლენების ეპიცენტშია და თუკი რამე ხდება აქ, გურიაში, განსაკუთრებით ოზურგეთში, ჩვენ მუდამ ეპიცენტში ვართ. შესაძლოა, ეს არ მოსწონს ვიღაცას“.

„გურიის მოამბის“ რედაქტორს ჩვენ ისიც ვკითხეთ, ბოლო დროს რა მასალებს აშუქებდნენ, რასაც შესაძლოა, მსგავსი მუქარისთვის საფუძველი შეექმნა. საქმე ის არის, რომ „გურიის მოამბე“, როგორც მისი რედაქტორი ამბობს, აშუქებს ყველაფერს:

  • კარიერებიდან ქვიშის ულიცენზიოდ გატანა იქნება ეს,
  • მაღაზიაში მომხდარი ყაჩაღობა,
  • აუდიტის დასკვნა და სასაამრთლოს მიერ გამტყუნებული ყოფილი გუბერნატორის ამბავი,
  • ბიძინა ივანიშვილის მიერ საავტომობილო გზის მონაკვეთის პირად საკუთრებაში დარეგისტრირება
  • ასწლოვანი ხეების გადატანა
  • მაკო გომურს რომ პოლიციამ აგინა და ა.შ.

პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აღძრა. თეა იოსელიანი ფიქრობს, რომ დამნაშავის გამოვლენას არ სჭირდება ხანგრძლივი ძიება და პოლიციისგან საქმის დაუყოვნებლივ გახსნას მოითხოვს, რადგან მალე სწავლა იქნება და მისი შვილები სკოლაში უნდა წავიდნენ:

„მე არ მაქვს უსაფრთხოების განცდა, მუდმივად მათ გვერდით ვერ ვიქნები და თუ დროულად არ გამოიძიებენ ამ ამბავს, იძულებული ვიქნები ბავშვები სკოლაში არ გავუშვა“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად გამოიძიოს საქმე, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, შედეგების შესახებ და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, დაისაჯონ შესაბამისი პირები.

ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რისი მიღწევაც შეუძლებელი იქნება, თუ მათზე ზეწოლის თითოეული შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება.

ბოლო დროს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ჟურნალისტებზე მსგავსი შინაარსის მუქარის ან ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ შესულა თუმცა, როგორც ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რეგიონებში ჟურბალისტები ხშირად უჩივიან მათ მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპატივცემულო დამოუკიდებულებას და ზოგადად, ცუდ კომუნიკაციას:

„მე ვფიქრობ, რომ ადგილობროვ ჩინოვნიკებს, უბრალოდ, არა აქვთ ბოლომდე გააზრებული, რომ მათი ვალდებულებაა, საზოგადოებას სწორედ ჟურნალისტების საშუალებით ელაპარაკონ... ცუდი კომუკაციის მაგალითია ის, რაც აჭარაში მოხდა, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უხეშად მიმართა ჟურნალისტებს. მათ არა აქვთ ბოლომდე გაცნობიერებული მედიის ფუნქცია და ვერ ხვდებიან, რომ ეს ჟურნალისტებთან გახსნილი კომუნიკაცია მათი ანგარიშვალდებულებაა“, - აცხადებს ნატა ძველიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG