Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო


საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით ერთის წინააღმდეგ საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონის მიღების აუცილებლობა დასაბუთებული იყო იმით, რომ „კოდექსით განსაზღვრული ბავშვის უფლებების, მისი დაცვის და მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ფუნქციონირებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის განვითარებას მისი ინდივიდუალობის, საზოგადოებრივი ინტერესების და ღირებულებების გათვალისწინებით, აგრეთვე, მის ორიენტირებას შრომაზე, როგორც მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის ერთადერთ მორალურად გამართლებულ საშუალებაზე, ორიენტირებას ოჯახზე, როგორც ფუნდამენტურ ღირებულებაზე საზოგადოების სოციალურ ორგანიზაციაში და საზოგადოებისა და ინდივიდის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებაზე, ორიენტირებას ცხოვრების ჯანსაღ წესსზე, როგორც საზოგადოების განვითარების უცილობო წინაპირობაზე და ორიენტირებას მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო აქტივობის და სოლიდარული საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტზე“.

ავტორთა განმარტებით, კოდექსის მიღებით იქმნება სახელმწიფოს სისტემური ხედვა, სამართლებრივი საფუძველი ბავშვის კეთილდღეობისთვის. თუმცა, მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის შექმნის გარდა, იმისათვის, რომ ამ კანონმა რეალურად გადაჭრას ზემოთ აღნიშნული პრობლემები, აუცილებელია აღსრულების კონკრეტული მექანიზმებით კოდექსის აღჭურვა, რაც მის სრულფასოვან იმპლემენტაციას უზრუნველყოფს.

ასეთი მექანიზმებია:

· კონკრეტული, კრიტერიუმებზე დაფუძნებული პროგრამები, მათი დამტკიცებისა და ამოქმედების ვალდებულების გაწერა კანონში კონკრეტულ ვადებში.

· საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელიც ბავშვის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

· კოდექსის საიმპლემენტაციო გეგმის შექმნა და დამტკიცება, რაც ასევე კოდექსითაა გათვალისწინებული.

· სახალხო დამცველის როლის გაძლიერება.

· იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოება.

· სასამართლოს გაძლიერება, რომელიც იქნება თითოეული ბავშვის უფლების დაცვის ეფექტიანი კონკრეტული მექანიზმი.

კოდექსის მოსალოდნელი შედეგები:

· განისაზღვრება სახელმწიფო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას.

· გრძელვადიან პერსპექტივაში შემცირდება სიღარიბე, კრიმინალი, ძალადობა, ნარკო/ალკო/თამაშდამოკიდებულება.

· გაძლიერდება ოჯახი და შეიქმნება გარანტიები ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობისთვის.

· გაძლიერდება ბავშვის სოციალური მხარდაჭერის, ცხოვრების სათანადო პირობებისა და განვითარების უზრუნველყოფის მექანიზმები.

· შეიქმნება ბავშვის მხარდაჭერის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებს, მათ შორის გარკვეული სირთულეების მქონე ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

· შეიქმნება ბავშვის ინტერნეტიდან და მასმედიიდან მომდინარე ძალადობის, უხამსობის და სხვა მავნე შინაარსისგან დაცვის სისტემა.

· შეიქმნება მექანიზმები ბავშვის განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზების.

· შეიქმნება ბავშვის ძალადობისაგან დაცვის პრევენციის მექანიზმები, მათ შორის ბავშვთა შორის ჩაგვრა ე.წ. ბულინგი.

· ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე ზრუნვა სისტემურად მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე.

ბავშვის უფლებათა კოდექსი შედგება 4 კარის, 14 თავის და 100 მუხლისგან.

XS
SM
MD
LG