Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბერლინში რუსეთის საელჩოს პრესატაშეს უთხრა, რომ რუსეთის მოქალაქეა


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეა.

ამის თაობაზე, რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა ბერლინში რუსეთის საელჩოს პრესაშატემ, ოლეგ კსენოფონტოვმა, რომლის სიტყვებით, ეჭვმიტანილმა დაკავების შემდეგ მოითხოვა რუს დიპლომატებთან შეხვედრა. მათთან შეხვედრაზე მან დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეობა აქვს. როდის შედგა ეს შეხვედრა, არაა ცნობილი.

კსენოფონტოვმა ამასთან თქვა, რომ რუსეთის დიპლომატებს არ უნახავთ ეჭვმიტანილის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი.

პრესატაშეს არ დაუსახელებია ეჭვმიტანილის გვარი. გერმანიის ხელისუფლებას არ გაუმხელია ასევე დაკავებულის ვინაობა, ითქვა მხოლოდ, რომ ის 49 წლისაა და რუსეთის მოქალაქეა.

„შპიგელის“, "ბელინგკატის ჯგუფის", ასევე „ინსაიდერის“ გამოკვლევით, ეჭვმიტანილი გერმანიაში ჩავიდა რუსეთის მოქალაქის, ვადიმ სოკოლოვის პასპორტით. პასპორტი მან მიიღო უცხოეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაგრამ რუსეთის მონაცემთა ბაზაში ასეთი მონაცემების ადამიანი არ მოიპოვება.

სოკოლოვის უცხოეთის პასპორტის მონაცემებიდან ჩანს, რომ მას დოკუმენტი მისცა იმავე ქვეგანყოფილებამ, რომელიც გასცემდა უცხოეთის პასპორტებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სავარაუდო თანამშრომლებზე. კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში გარეული არიან რუსეთის სპეცსამსახურები. ამავე ვერსიას იზიარებენ მოკლულის ნათესავები. გამოძიებას ოფიციალურად თავისი ვერსია არ გამოუქვეყნებია.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, პარკში მოკლეს.

XS
SM
MD
LG