Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ გაბინაშვილი: „ძალიან მაღალი სანდოობა“ გაჩნდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესისადმი


საზოგადოებაში ძალიან მაღალი სანდოობა გააჩინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა, რომელიც მიმდინარეობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა, 24 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

„ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წარმომადგენლის, ნინო გოგუაძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ არ ეთანხმება "ოდირის" (OSCE/ODIHR) დასკვნას პროცესის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით. დეპუტატი გოგუაძე დაინტერესდა, დააკმაყოფილა თუ არა პროცესის გამჭვირვალობამ საზოგადოების ინტერესი და გაზარდა თუ არა სანდოობა.

„ძალიან მაღალი სანდოობა გაჩნდა [საზოგადოებაში]... რა თქმა უნდა, დააკმაყოფილა... და, ალბათ, შეიძლება სხვას უფრო მეტი სტანდარტით უნდოდეს...

და „ოდირის“ დასკვნაში, მაგალითად, ეწერა, რომ საბჭოში გასაუბრება გაუმჭვირვალე იყო, რასაც, მაპატიეთ, ჩემი სუბიექტური შეფასებაა - ვერ დავეთანხმები... მაგრამ, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ეს არის უპრეცედენტო პროცესი...

ის, რომ ახლა მე მისმენს მთელი საზოგადოება და უბრალოდ როგორც ერთ-ერთი რიგითი კანდიდატი, საზოგადოებამ გამიცნო და მოლოდინი გაუჩნდა - როგორი მოსამართლე შეიძლება ჰყავდეს ან არ ჰყავდეს, ან როგორი ადამიანები, რა სტანდარტებით ცდილობენ, მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში, ეს არის საზოგადოების ლეგიტიმური და საჯარო ინტერესი, რომელიც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ამ პროცესში. ეს ასე უნდა მომხდარიყო და კარგია, რომ ეს სტანდარტი არასდროს აღარ შეიცვლება, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

10-კაციანი სიის პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ, 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად, შედგა ახალი 20-კაციანი სია. მერაბ გაბინაშვილი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა როგორც პირველ, ასევე მეორე სიაში, სხვა ოთხი კანდიდატის მსგავსად. ასევე ორივე სიაში გვხვდება თამარ ალანია, რომელიც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წინაშე 23 სექტემბერს წარდგა.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG