Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: "ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციებზე, ისინი რჩებიან თავიანთ პოზიციებზე"


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კომენტარი გააკეთა თავის შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომელიც დღეს გაიმართა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში.

ზალკალიანის თქმით, ნიუ-იორკში მისი ყოფნის განმავლობაში გამართულ ყველა შეხვედრას ლაიტმოტივად გასდევდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, განსკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაცია და მძიმე ჰუმანიტარული პრობლემები. ზალკალიანმა თქვა, რომ ლავროვთან მისი შეხვედრის მთავარი თემაც ეს იყო.

ზალკალიანმა თქვა, რომ 40-წუთიანი შეხვედრა, რომელიც პირველია მას მერე, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის 11 წლის განმავლობაში არ ყოფილა ამ დონეზე კომუნიკაცია, შვეიცარიის ხელშეწყობით იქნა ორგანიზებული.

მან აღნიშნა, რომ ამ საკითზე საქართველოს ჰქონდა კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან და ყველა საერთაშორისო აქტორთან, რომელიც ჩართული კონფლიქტის მოგვარებაში. ზალკალიანის თქმით, მათგანაც იყო დადებითი რეაქცია შეხვედრის გამართვის თაობაზე.

ზალკალიანის სიტყვებით, შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო, გამოყენებულიყო ის იმის პირდაპირ სათქმელად, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე მასზე მომხდარიყო მკაფიო დაფიქსირება იმ ნაბიჯებისა, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ბოლო პერიოდში.

ზალკალიანის თქმით, მან შეხვედრაზე თქვა, რომ აუცილებელია დეესკალაცია და დეოკუპაცია და რომ რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ნების გამოვლინების გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა „იმედის“ ეთერში, ლავროვთან შეხვედრაზე მან ილაპარაკა საქართველოს მიერ 2012 წლის შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის „აბაშიძე-კარასინის ფორმატზე“, ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე, რომელიც საქართველომ აიღო და პირნათლად ასრულებს, იძულებით გადაადგილებულთა პრობლემებზე.

„რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს, და მე არც მქონდა ამ შეხვედრამდე ილუზია, რომ ამ შეხვედრით ყველაფერი მოწესრიგდებოდა და ჩვენ გარღვევა გვექნებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იყო კარგი შესაძლებლობა, რომ მას ჩემგან მოესმინა გულწრფელი სათქმელი, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.“

ზალკალიანმა შეხვედრას პროცესის „ერთი პატარა მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.

„ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციებზე, ისინი რჩებიან თავიანთ პოზიციებზე, მაგრამ დიალოგი იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ის განხორციელდა, იყო მნიშვნელოვანი და თუნდაც ის, რომ მათ ჩვენი მხრიდან მოისმინეს ეს პრობლემატიკა, იყო კარგი შესაძლებლობა,“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „იმედის“ ტელეეთერში.

XS
SM
MD
LG