Accessibility links

ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლების საკითხზე ივანიშვილთან შეხვედრას ჩუგოშვილი ესწრებოდა


პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ „მთავარი არხის“ ეთერში გაიხსენა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესახებ იყო საუბარი.

როგორც ბესელია ამბობს, ამ შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ესწრებოდა.

„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც ვთქვი, რომ ამ სიას არ გაგატანინებთ და ამის სანაცვლოდ გადავდგებოდი, ესწრებოდა თამარ ჩუგოშვილი. არ ვიცი, თამარი ამას დაადასტურებს თუ არა. ჩუგოშვილმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია. მასაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა", - აღნიშნა დეპუტატმა და დაამატა, - „იმ დღეს ჩუგოშვილსაც იგივე პოზიცია ჰქონდა, მე გამიკვირდა, სად წავიდა ეს პოზიცია".

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა „10-კაციანი სია" 2018 წლის 24 დეკემბერს წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

26 დეკემბერს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. მისი თქმით, ამ საკითხს პარლამენტი გაზაფხულზე მიუბრუნდებოდა.

27 დეკემბერს ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

„გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული", - ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG