Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოტმიოლერი: შეშფოთებული ვართ რუსეთის სამხედრო გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში


ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ბათუმში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ბათუმში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე

ნატო შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში და ამიტომ ძლიერდება თანამშრომლობა ალიანსისა და საქართველოს საზღვაო ძალებს შორის, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

გოტმიოლერის განცხადებით, მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და მოუწოდებენ რუსეთს გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.

„დღეს მოკავშირეებმა გაიმეორეს და დაადასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ამ ტერიტორიებიდან.

ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში და ამის გამო, ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის“, - განაცხადა ნატოს გენმდივნის მოადგილემ. როუზ გოტმიოლერი მაგალითებს შორის ასახელებს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების წვრთნას.

„ნატომ გაზარდა საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების წვრთნის, ნატოს საზღვაო შენაერთებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას შორის ურთიერთქმედების გაზრდის, საპორტო ვიზიტების, სწავლებებისა და სიტუაციური ანალიზის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებით. მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს ახლად შეძენილი საპატრულო კატარღების თავსებადობა ნატოსთან“, - წერია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამავე განცხადების ტექსტის თანახმად, „ალიანსი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიეროს ნატოსა და წევრი ქვეყნებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერა“.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 3 ოქტომბერს, ბათუმში, ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ბათუმში 3 ოქტომბერს ჩავიდა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე მეხუთედ სტუმრობს საქართველოს. საბჭო წარმოადგენს ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი თავმჯდომარეობს. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები და განიხილავენ პოლიტიკურ და მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

XS
SM
MD
LG