საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ოთარ კახიძის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს და თავად ისაუბრებს თავის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, აპირებს თუ არა ვანო მერაბიშვილი „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანებას, რაზეც ოთარ კახიძემ უპასუხა, რომ წინასწარ ამაზე საუბარი სპეკულაციაა:
„ამაზე საუბარი არ გვქონია. ვანო მერაბიშვილი როდესაც საპატიმროს დატოვებს, თავად გააკეთებს განმარტებებს და განცხადებებს სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. ამაზე წინასწარ საუბარი სპეკულაციურია და სპეკულაციებში არ შევალ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი პენიტენციარულ დაწესებულებას, სავარაუდოდ, 20 თებერვალს დატოვებს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი შს მინისტრის საკნიდან გაყვანის ფაქტზე, ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა.