აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცუდი იდეა უწოდა თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას. ტრამპის განცხადებით, ანკარამ აიღო ვალდებულება, რომ დაიცავს სამოქალაქო პირებს და რელიგიურ უმცირესობებს და ჰუმანიტარულ კრიზისს არ დაუშვებს, ამიტომ, ვაშინგტონი ამ ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებმა თეთრ სახლში პრეზიდენტს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს, თუ თურქეთის პრეზიდენტი ქურთების განადგურებას გადაწყვეტს. დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ერდოანი რაციონალურად იმოქმედებს.
სირიელი ქურთები აშშ-ის მოკავშირეები არიან ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. თურქეთი ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებს ტერორისტებად მიიჩნევს.
პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.