Accessibility links

სამინისტრო: აქციის მონაწილე დევნილების უმეტესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აქვს


დემონსტრანტი დევნილები, დევნილთა სამინისტროში

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მონაწილე დევნილთა უმეტესობას ბინის მისაღებად, საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა.

"საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“, - წერია სამინისტროს სარეკლამო განცხადებაში, რომელსაც IPN ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დარჩენილ 273 ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება.

25 დღეა, რაც აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ათეული ოჯახი დევნილთა სამინისტროს შესასვლელში იკრიბება. იქ მათ კარავიც გაშალეს. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ დროულად დააკმაყოფილოს აფხაზეთიდან დევნილი "ძირი ოჯახები" ბინებით. ერთ-ერთმა დევნილმა - რომელმაც ბინა ახალი სიითაც ვერ მიიღო - თვითდაზიანებაც სცადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG