Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს სირიიდან სამხედროების გაყვანა დაავალა


აშშ სირიის ჩრდილოეთიდან ათასამდე სამხედროს გაყვანას აპირებს - ამის შესახებ ტელეკომპანია CBS-ს განუცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა. მისი მტკიცებით, საუბარი არ არის სირიიდან ამერიკული კონტინგენტის სრულად გაყვანაზე. ამასთან, სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვი დაახლოებით შეესაბამება სირიის ჩრდილოეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების რაოდენობას.

მარკ ესპერს რეგიონიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. თავდაცვის მინისტრის თქმით, სირიის ჩრდილოეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთების ფორმირებებს შორის აღმოჩნდნენ. ესპერის განცხადებით, სიტუაცია თურქეთის მიერაა პროვოცირებული.

სირიის ჩრდილოეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები და ადგილობრივი ქურთები მოკავშირეები იყვნენ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. სირიის ამ ნაწილში მეორე კვირაა მიმდინარეობს თურქეთის სამხედრო ოპერაცია ქურთების დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებს უწოდებს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, როგორც ჩანს, თურქეთს სურს შეტევა გააგრძელოს სამხრეთ და დასავლეთ მიმართულებებით, ხოლო სირიის „დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებს უნდათ შეთანხმება ასადთან და რუსეთთან, რათა თურქეთს კონტრშეტევით უპასუხონ. მარკ ესპერის თქმით, მსგავსი სიტუაცია ამერიკელი სამხედროებისთვის მიუღებელია.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპისგან მიღებულია დავალება სირიის ჩრდილოეთიდან ამერიკელი სამხედროების კარგად გააზრებული გაყვანის შესახებ. ესპერი არ იზიარებს კონგრესმენების, მათ შორის პრეზიდენტის თანაპარტიელი რესპუბლიკელების კრიტიკას, რომ აშშ-მა ქურთები მიატოვა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ ცდილობდა თურქეთი დაერწმუნებინა, რომ სამხედრო ოპერაცია არ უნდა დაეწყო, მაგრამ ანკარის გადაწყვეტილება მტკიცე იყო მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებდა ვაშინგტონი. ესპერის მტკიცებით, აშშ დღესაც ყველაფერს აკეთებს, რომ თურქეთმა თავის განზრახვაზე უარი თქვას. ესპერმა აღიარა, რომ სირიის ჩრდილოეთში უმძიმესი ვითარებაა და თურქეთის შეტევის შედეგად იღუპებიან როგორც ქურთი მებრძოლები, ისე მშვიდობიანი სამოქალაქო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG