Accessibility links

აფხაზეთიდან დევნილები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ


აქცია იმართება ოკუპირებულ რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. აფხაზეთიდან დევნილები სამინისტროსგან ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა.

დევნილები ასევე მოითხოვენ შეიქმნას ახალი კომისია, შეაჩერონ ბინების გაცემის პროცესი და ხელახლა განიხილონ ეს საკითხი. მათი თქმით, ბინებს ქულათა მინიჭების საფუძველზე გასცემენ, მაგრამ არის შემთხვევები როცა სამინისტროსგან გარიგების საფუძველზე გაიცემა ბინები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვა დაკმაყოფილდა.

„ერთი თვეა ველოდებოდით მინისტრის ჩამოსვლას. 27 წელი გავიდა და რით ვერ დავაკმაყოფილეთ კრიტერიუმები?! დღეიდან მოვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას. ჩვენ მინისტრს ერთ საათს ვაძლევთ ვადას და თუ არ ჩამოვა, ჩვენ ავალთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თითქმის 1 თვეა რაც აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ათეული ოჯახი დევნილთა სამინისტროს შესასვლელში იკრიბება. იქ მათ კარავიც გაშალეს. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ დროულად დააკმაყოფილოს აფხაზეთიდან დევნილი „ძირი ოჯახები“ ბინებით. ერთ-ერთმა დევნილმა - რომელმაც ბინა ახალი სიითაც ვერ მიიღო - თვითდაზიანებაც სცადა.

11 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილე დევნილთა უმეტესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG