Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის მინისტრი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მოუწოდებს, საქმეს მიხედონ


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, მთავრობამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს.

17 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თურნავამ განაცხადა, რომ 2017 წლიდან მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ექვსჯერ გადაუვადა ვალდებულებების შესრულება.

ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხარდაჭერას ადასტურებს ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებაც, რომ კონსორციუმს ხელშეკრულება არ შეუწყვიტოს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადა კიდევ ერთხელ, წლის ბოლომდე გაუგრძელოს.

თურნავა არ ეთანხმება შეფასებებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს.

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ერთადერთი პროექტია, რაც თავისთავად იმის „უმაღლესი დასტურია“, რომ მთავრობისთვის ანაკლია პრიორიტეტულია. ნათია თურნავას თქმით, მთავრობის არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფინასური მხარდაჭერიდან და საერთაშორისო რეიტინგებით დადასტურებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებიდან გამომდინარე, სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ.

ეკონომიკის მინისტრმა დაახლოებით ამავე შინაარსის პასუხი გასცა კონსორციუმის განცხადებასაც, რომ მთავრობისგან რეალური მხარდაჭერა იქნება ბოლო ხანს მოძიებული პოტენციური ინვესტორების მიმართ მხარდაჭერის დადასტურება, რაც დღემდე არ მომხდარა.

„ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლის პროცედურა და მივცეთ დამატებითი ვადა კონსორციუმს წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები. ჩემი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 15 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ხელშეკრულებით ნაკისრ შუალედურ ვალდებულებებს დღის ბოლომდე არ შეასრულებს, მთავრობას აქვს უფლება, „მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება“. ჯერ კიდევ ვადის ამოწურვამდე, კონსორციუმმა მთავრობა საბოტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სამინისტროში არანაირ დოკუმენტებს არ წარადგენს.

16 ოქტომბერს რეგიონული განვითარების და ინფრქსტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კოსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე უგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG