Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" დედანს გამოაქვეყნებენ


მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2019 წლის 4 მარტი
მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2019 წლის 4 მარტი

„თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ თანადამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატები დღეს მედიას გააცნობენ სავარაუდოდ, გიორგი გახარიასგან გაგზავნილი „მუქარის წერილის“ დედანს.

მედიასთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატები ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია დედანს საქართველოს პროკურატურაში წარადგენენ. მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ამ წერილს ექსპერტიზა ლონდონში ჩაუტარდა.

ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);

- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);

- "არტარეას" უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;

გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

19 ოქტომბერს, ჟურნალისტების შეკითხვას, თუ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, მივა თუ არა გამოკითხვაზე, გახარიამ უპასუხა, რომ თუ საჭირო გახდება, ამას გააკეთებს. „აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG