Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა სალია: ის გარემოება, რომ სასამართლომ 60%-ს ყადაღა დაადო, საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ აქიმიძე-დვალის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო დავის პროცესში კომპანიის 60%-ისთვის ყადაღის დადება არაფერს არ ნიშნავს და არც ტელევიზიას შეუშლის ფუნქციონირებაში ხელს. მისი განმარტებით, სასამართლო ყადაღის, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, გადაწყვეტილებას სარჩელის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში იღებს მეორე მხარესთან კომუნიკაციის გარეშე იმ გათვლით, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. პაატა სალია ამბობს იმასაც, რომ ყადაღა ქიბარ ხალვაშის წილის 60%-ს შეეხება და კომპანიის ქონება შეზღუდული არ არის. შესაბამისად, ტელევიზიას მუშაობაში ხელი არ შეეშლება.

მისი თქმით, არხის დამფუძნებლებს, რომლებმაც სადავო წილისთვის ყადაღის დადება მოითხოვეს, არასწორი ინფორმაცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქიბარ ხალვაში შესაძლოა გეგმავდეს არხის გაყიდვას. ქიბარ ხალვაში ახლა თანხებს და ძალისხმევას „რუსთავი 2“-ის გაძლიერებაში დებს და მის გაყიდვაზე აღარ ფიქრობს, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

„ახლა ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს, ვიცი, რომ სარჩელი არის შეტანილი, წარმოებაშია მიღებული და ითხოვენ 60%-ის დაბრუნებას. არც სამართლებრივი საფუძვლები, არც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები - ჩემთვის ცნობილი არ არის. უფრო კვალიფიციური და სამართლებრივი ანალიზის გაკეთება სარჩელის ჩაბარების შემდეგ შემეძლება“, - ამბობს პაატა სალია რადიო თავისუფლებასთან.

სარჩელის ჩაბარებამდე მთავარი არგუმენტი პაატა სალიასთვის სასამართლო წარმოებაში მიღებულ საქმეზე კვლავ აქიმიძე-დვალის საქმის ხანდაზმულობა რჩება.

„ხალვაშმა პროკურატურას მიმართა 2008 წელს, წილები გაასხვისა 2015-16 წლებში, სასამართლოს მიმართა 2015 წელს, ათწლიანი ხანდაზმულობის ვადაში. დვალმა და აქიმიძემ წილები გაასხვისეს 2004 წელს. ახლა გვაქვს 2019 წელი. მარტივი არითმეტიკით მივალთ იმ დასკვნამდე, რომ გავიდა ხანდაზმულობის ვადაზე მეტი. თუ იმ მიმართულებით მიდიან, რომ იძულებით დადებული ხელშეკრულება იყო, მაშინ 2012 წელს უნდა დამთავრებულიყო მათ მიმართ ეს იძულება და ამის შემდეგ ჰქონდათ 2 წლის ვადა შეცილებისთვის და 2019 წელს შეიტანეს სარჩელი“, - ხსნის სალია.

სასამართლომ ხანდაზმულობაზე საქმის არსებითი განხილვისას უნდა იმსჯელოს.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სამართლებრივი ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ გასულ კვირაში განაცხადეს. 17 ოქტომბერს მათ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვეს, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ მისსავე არგუმენტებს გამოიყენებდნენ და ამავე დღეს შეიტანეს სასამართლოში სარჩელი.

17 ოქტომბერს, ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის დირექტორად დანიშნული პაატა სალია ამბობდა, რომ აქიმიძე-დვალის და ქიბარ ხალვაშის სარჩელი ერთმანეთისგან განსხვავდება და დამფუძნებლების შემთხვევაში შესაძლოა ხანდაზმულობის საკითხი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG