„თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ჯერჯერობით კვლავ არ ასახელებს შუამავალს, რომელმაც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიასგან „მუქარის წერილი“ მიუტანა.
„ორი საკითხი იყო - სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი? დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ დღეს, 21 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურას ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი.
პროკურატურის შენობიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა, კანონის შესაბამისად მოქმედებს.
„ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად, არასდროს არ გვითქვამს, ვის მიერ არის ეს დაწერილი. ამას იმედია, [გამოიძიებს] ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც დარჩა ამ პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს ჩვენ გავაკეთებთ ერთი წლის მერე აუცილებლად თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და არა ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები...“, - უთხრა ჟურნალისტებს ხაზარაძემ.
შეკითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ წერილის ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყოს, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით უდანაშაულობის პრეზუმფციას დაიცავს. „მივენდოთ ეგრეთ წოდებულ გამოძიებას, რომლის იმედი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ მივყვებით კანონის შესაბამისად ყველა ქმედებას“, - თქვა ხაზარაძემ.
პროკურატურის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.
ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:
- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);
- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);
- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;
გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.
19 ოქტომბერს, ჟურნალისტების შეკითხვას, თუ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, მივა თუ არა გამოკითხვაზე, გახარიამ უპასუხა, რომ თუ საჭირო გახდება, ამას გააკეთებს. „აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
21 ოქტომბერს, ხაზარაძის მიერ პროკურატურაში „მუქარის წერილის“ დედნის მიტანის შემდეგ, მედიის მიერ დასმულ შეკითხვას გახარიამ უპასუხა: „არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისეთი გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ“.