Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიქაუტაძე: უცნაურია, ამდენი შეკითხვა გიჩნდებათ პროცესზე, რომელიც წარიმართა საჯაროდ


„ჩემთვის ერთი რამ არის უცნაური: ერთი ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არცერთი კითხვა არასდროს დაგისვამთ და როდესაც გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიური ორგანო, საჯაროდ და გამჭვირვალედ და ამ პროცესში მოქმედებს კონსტიტუციით და არცერთ მოქმედ ნორმას არ არღვევს, ამდენი შეკითხვა გიჩნდებათ“, - ასე უპასუხა გიორგი მიქაუტაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ოთო კახიძეს, „ევროპული საქართველოს“ წევრს, რომელიც სხვა კოლეგებთან ერთად დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატთა იმ 10-კაციანი სიის შედგენის პროცესით, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის დეკემბრის თვეში წარუდგინა და რომელიც დისკუსიისა და „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების საგნად იქცა.

„ფურცელი რომ გადმოაბრუნეთ, სადაც გვარები იყო ჩამოწერილი მოსამართლეობის კანდიდატების, მათ შორის, თქვენი, ბატონო გიორგი, და საბჭოს წევრებს წაუკითხეთ საკუთარი გვარი, დააყენეთ კენჭისყრაზე, შემდგომ ხელიც აწიეთ, უმრავლესობაც შეკარით და გადმოუგზავნეთ პარლამენტს, არ იყო ეს ინტერესთა კონფლიქტი? ამბობთ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებმა გუნდურად მივიღეთ გადაწყვეტილებაო და არამოსამართლე წევრებმაც რომ დაგიჭირეს მხარი სხდომაზე, როგორ დაითანხმეთ ეს არამოსამართლე წევრები?“, - ჰკითხა ოთო კახიძემ გიორგი მიქაუტაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ.

ოთო კახიძის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლოს მართავენ კლანურად: „ანუ, თქვენ და არამოსამართლე წევრები წინასწარ ხართ შეთანხმებულები. ეს ეჭვი დეკემბრის სიამაც ძალიან თვალსაჩინო გახადა. რაიმე ახსნა ხომ არ გაქვთ ამისა?“

ოთო კახიძის საპასუხოდ გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ საბჭო მოქმედებდა კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და არ არსებობს ნორმა, რომელიც ამ პროცესში დაირღვა.

მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

XS
SM
MD
LG