Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ძალები სირიის ქალაქ კობანიში ჩადიან მოსკოვსა და ანკარას შორის შეთანხმების ფარგლებში


რუსეთმა განაცხადა, რომ მისი სამხედრო პოლიციის შენაერთები ჩავიდნენ სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანიში, რათა პატრულირებას შეუდგნენ თურქეთთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 23 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო პოლიცია ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა თავისი ამოცანის შესრულებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად.

გუშინ მოსკოვი და ანკარა შეთანხმდნენ, ერთობლივად გააკონტროლონ თურქეთ-სირიის საზღვრის მონაკვეთი და იქ არ შეუშვან ქურთების შეიარაღებული ფორმირებები. შეთანხმების მიხედვით, რუსეთისა და სირიის სამთავრობო ჯარები გააკონტროლებენ ქურთი მეომრების გასვლას საზღვრისპირა 30-კილომეტრიანი ზონიდან. ქურთებმა ეს ტერიტორია 150 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

შეთანხმების შესახებ 22 ოქტომბერს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც სოჭში შეხვედრა გამართეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ვლადიმირ პუტინმა. შეხვედრა გაიმართა მაშინ, როცა თურქეთმა დროებით შეწყვიტა რეგიონში სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი იქიდან ქურთი მებრძოლების გამოდევნაა.

ქურთების შეიარაღებული ძალები აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქეთი ქურთების შენაერთებს ტერორისტებად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG