Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელიას აზრით, აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენ კომისიას ზურგის გამაგრება სჭირდება


პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
პარლამენტის წევრი ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ კარგი და საჭირო უწოდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული სასაზღვრო პრობლემის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან გამართულ შეხვედრას.

ლაშა დარსალია საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის თანათავმჯდომარეა. მასთან დღეს, 29 ოქტომბერს, გამართული დახურული შეხვედრის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე.

ლაშა დარსალიასა და კომისიის სხვა წევრებთან შეხვედრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 ოქტომბერს გამართული „მინისტრის საათის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეთანხმების საფუძველზე მოეწყო.

მედიისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ეკა ბესელიამ თქვა, რომ გაცილებით მეტი ინფორმაცია მიიღეს, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. ბესელიას დეტალებზე არ უსაუბრია.

„აუცილებელია პარლამენტსა და ამ კომისიას შორის მუდმივი კომუნიკაცია. ჩვენ გაცილებით მეტი ინფორმაცია მივიღეთ, რა ხდება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით და უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მის ტერიტორიაზე იყო ოდითგან, მათ შორის, ოცდათვრამეტ წელს რუკაზე დატანილი მონაცემებით. მოვისმინეთ ხედვა, რაც აქვს ამ კომისიას. ამ კომისიას სჭირდება ზურგის გამაგრება“, - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, საკითხს იმდენად მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესს უნდა წარმართავდნენ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები და კომისიის წევრების მუშაობას ამყარებდნენ, პარლამენტს კი, „მუდმივად უნდა ეჭიროს პულსზე ხელი“.

პარლამენტის წევრებთან დახურული შეხვედრის შემდეგ, ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ. დარსალიას ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიების პირველი, მაისის შეხვედრის შემდეგ საექსპერტო ჯგუფები მუშაობენ და მათ მიერ მომზადებული მასალების გაცნობის შემდეგ გაიმართება კომისიის მომდევნო შეხვედრა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მოლაპარაკება 2019 წლის მაისიდან განახლდა.

კომისიების მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზის გადაკეტვას საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG