Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა რეაქცია მოჰყვა აშშ-ის წარმომადგელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას


29 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც გენოციდად აღიარებს გასული საუკუნის დასაწყისში სომეხთა მასობრივ გაჟლეტას ოსმალეთის იმპერიაში, რაც, თურქეთის აზრით, კიდევ უფრო გაართულებს ვაშინგტონსა და ანკარას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას.

სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ბარბაროსობა ეს იყო გენოციდი, რაც ამიერიდან სამუდამოდ აისახება კონგრესის მატიანეში.
ნენსი პელოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

რეზოლუციაზე კენჭისყრის შემდეგ მალევე კანონმდებლებმა ასევე დიდი უმრავლესობით დაუჭირესმხარი კანონს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მოუწოდებს სანქციები დაუწესოს თურქეთის ხელისუფლებისა და საბანკოს სექტორის წარმომადგენლებს ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული სამხედრო ანექსიის გამო.

აპლოდისმენტები და კმაყოფილება

კონგრესის შენობაში აპლოდისმენტები და კმაყოფილების გამომხატველი შეძახილები გაისმა, როცა დემოკრატების კონტროლის ქვეშ არსებულ წარმომადგენელთა პალატაში სამშაბათს გამართულ კენჭისყრაზე სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციას მხარი 405-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ 11.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია „კოლეგებთან ერთად გაიხსენოს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ბოროტმოქმედება: 1,5 მილიონზე მეტი სომეხი კაცის, ქალისა და ბავშვის მეთოდური გაჟლეტა ოსმალეთის იმპერიაში“.

დოკუმენტი, რომელშიც სომეხთა გაჟლეტა „გენოციდად“ არის ფორმულირებული, აშშ-ის კონგრესში მანამდეც არაერთხელ შესულა განსახილველად, მაგრამ კანონმდებლები ყოველთის იკავებდნენ თავს დოკუმენტის მიღებისგან.

საკითხისადმი ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა თეთრ სახლს.

2017 წელს, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა სასტიკად გაილაშქრა და „მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე „საზარელი ბოროტმოქმედება უწოდა“ სომეხთა მასობრივ გაჟლეტას, მაგრამ, აშშ-ის პოლიტიკაში დამკვიდრებული პრაქტიკის მსგავსად, ტერმინი „გენოციდი“ მას არც ერთხელ არ გამოუყენებია.

ვიდრე პრეზიდენტად აირჩევდნენ, ტრამპის წინამორბედი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დებდა პირობას, რომ აღიარებდა სომეხთა გენოციდს, მაგრამ თეთრ სახლში ორი ვადით ყოფნის განმავლობაში მას ეს პირობა არ შეუსრულებია.

თეთრი სახლისგან გასხვავებით, წარმომადგენელთა პალატამ 29 ოქტომბერს თავისი სახელი დაარქვა, როგორც სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა,„თავზარდამცემ დანაშაულს“, რომელზეც სიმართლე ხშირად იმალებოდა.

„დღეს აქ, მოდით, მკაფიოდ გადმოვცეთ ფაქტები: სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ბარბაროსობა ეს იყო გენოციდი, რაც ამიერიდან სამუდამოდ აისახება კონგრესის მატიანეში“.

კონგრესის ორი რეზოლუცია - მკაცრი გზავნილი თურქეთს

ამ უაზრო პოლიტიკური ნაბიჯის ერთადერთ ადრესატს წარმოადგენს სომხური ლობი და ანტითურქული ძალები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო


წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ ამერიკელი კანონმდებლების მიერ „უკიდურესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში“ გენოციდის შესახებ მიღებული რეზოლუცია საფრთხეს შეუქმნის რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებას.

„ამ უაზრო პოლიტიკური ნაბიჯის ერთადერთ ადრესატს წარმოადგენს სომხური ლობი და ანტითურქული ძალები“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია, თავის მხრივ, გააკრიტიკა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელმაც ამ ნაბიჯს უწოდა „რევანში“ თურქეთის მხრიდან ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო.

ნიშანდობლივია, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა მასობრივი ჟლეტის გენოციდად აღიარება დაემთხვა თურქეთის სახელმწიფო დღესასწაულს, რესპუბლიკის დაარსების დღეს.

29 ოქტომბერსვე წარმომადგენელთა პალატამ ასევე დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი ორპარტიულ გადაწყვეტილებას, რაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მოუწოდებს სანქციები დაუწესოს თურქეთის ხელისუფლებისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლებს ნატოს წევრი თურქეთის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრისა და რუსული სარაკეტო სისტემების შეძენის გამო.

იქამდე, ზეწოლის შედეგად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავად შემოიღო თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ რბილი სადამსჯელო ზომები, რომელიც ანკარასთან ცეცხლის შეყწვეტის შესახებ მოლაპარაკების გამართვამდე გააუქმა.

სანქციების თაობაზე მსგავსი საკანონმდებლო პროექტი სენატშიც შევიდა, მაგრამ დოკუმენტზე კენჭისყრა არ გამართულა. ასევე უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს სენატი, სადაც რესპუბლიკელები დომინირებენ, სომეხთა გენოციდის თაობაზე მიღებულ რეზოლუციას, რომელსაც არასავალდებულო, ანუ სარეკომენდაციო, ხასიათი აქვს.

სომეხთა გენოციდი საერთაშორისო პოლიტიკაში

რეზოლუცია 296 მტკიცე და თამამი ნაბიჯია წინ და ჭეშმარიტებასა და ისტორიულ სამართლიანობას ემსახურება
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრეზიდენტი


ოსმალეთის იმპერიაში 1915-17 წლებში მომხდარი სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც სომხები მათი ერის მიზანმიმართულ გენოციდს უწოდებენ, 30 ქვეყანას აქვს აღიარებული.

გენოციდის შესახებ ბრალდებას გადაჭრით ეწინააღმდეგება თურქეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ პირველი მსოფლო ომის შედეგად ქვეყანაში ატეხილ სამოქალაქო ომში დაიღუპნენ როგორც სომხები, ისე თურქები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ამას გარდა, ანკარა დაჟინებით იმეორებს, რომ დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ასეული ათასია და არა 1,5 მილიონი.

სტამბოლის განცხადების „სრულ უარყოფად“ მიიჩნევს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 29 ოქტომბერს მიღებულ რეოზლუციას ვაშინგტონში არსებული ამერიკელ სომეხთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, არამ ჰამპარიანი.

„თურქეთმა იცის, რომ ამ უარყოფას სიმყარე გამოეცლება, როგორც კი აშშ აღარ იქნება მისი გამზიარებელი“, - უთხრა ჰამპარიანმა რადიო თავისუფლებას.

რეზოლუცია, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, წარმომადგენელთა პალატას წარუდგინა ადამ შიფმა, კალიფორნიიდან, იმ შტატიდან არჩეულმა დემოკრატმა პოლიტიკოსმა, სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა ცხოვრობს.

მთლიანობაში, აშშ-ში მცხოვრები სომხური წარმომავლობის მოქალაქეების რაოდენობა 500 ათასიდან 1,5 მილიონს შორის მერყეობს.

მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეშოუს წამყვანი, კიმ კარდაშიანი, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის მიერ 29 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციით გამოწვეული სიხარული ტვიტერით გაუზიარა თავის 60 მილიონზე მეტ მიმდევარს.

„ეს არის პერსონალური საკითხი ჩემთვის და მილიონობით სომხისათვის, გენოციდს გადარჩენილთა შთამომავლობისთვის“, - წერს კიმ კარდაშიანი.

სომეხ ხალხს, ეს სიმბოლური აქტი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გენოციდის აღიარება, მიულოცა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა: “მივესალმები აშშ-ის კონგრესის ისტორიულ კენჭისყრას, რითაც სომხების გენოციდი აღიარა. რეზოლუცია 296 მტკიცე და თამამი ნაბიჯია წინ და ჭეშმარიტებასა და ისტორიულ სამართლიანობას ემსახურება, რაც ასევე შვებად ევლინება სომხების გენოციდს გადარჩენილთა შთამომავლებს“

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG