Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალებისას რისკ ფაქტორები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული - ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის ბრძანებულებაზე


პრეზიდენტს შევთავაზეთ, შეწყალების დროს იმ რისკ ფაქტორების მაქსიმალური გათვალისწინება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტულ მსჯავრდებულს, შეწყალების შემდგომ მის ქცევას საზოგადოებაში და მის ინტეგრაციას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს შეწყალების აქტთან დაკავშირებით რეკომენდაციის თხოვნით მიმართა. პარლამენტმა კონსულტაციების გზით შემუშავებული მოსაზრებები პრეზიდენტს გადასცა.

„ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რაც შეიძლება დაბალი რისკის მატარებელი ადამიანის შეწყალება, რომელიც საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებას მოახდენს და არ შექმნის დამატებით რისკებს. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულებას გაურბიან და არც ერთი დღე არ უგრძვნიათ იმ დანაშაულზე პასუხისმგებლობა, რის გამოც მსჯავრდებულად იქნენ ცნობილი და არიან ძებნაში, არ არის მიზანშეწონილი ასეთი პირების შეწყალება, სწორედ დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე. ის დანაშაული, ხარისხი და მოტივი, რომელიც მსჯავრდებულმა გამოავლინა კონკრეტული ქმედების დროს, მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული და შესწავლილი. ასევე, არა მხოლოდ პოლიციელის, არამედ მოსამართლის, პროკურორის და სხვა მომეტებული რისკის პროფესიის მქონე (რაც უკავშირდება კრიმინალთან ბრძოლას, სხვისი სიცოცხლის დაცვას და ა. შ.) ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება მაქსიმალურად უნდა იქნას გამორიცხული. მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, არასრულწლოვანთან მიმართებაში, წამება და ა. შ. არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და მაქსიმალურად გაფილტრულად, მაქსიმალურად ნაკლებად უნდა მოხდეს მსგავსი კატეგორიის მსჯავრდებული პირების შეწყალება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით,პრეზიდენტს ექსკლუზიურ უფლება არ ეზღუდება, შეთავაზებას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

„ეს არ არის ფორმა, რომელიც პრეზიდენტს მის ექსკლუზიურ უფლებაში შეზღუდავს, თუმცა ეს იქნება უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. საზოგადოების აღქმა უნდა იყოს, რომ შეწყალება არის ჰუმანური აქტი და შეწყალებული პირი იმსახურებდა მას.

პრეზიდენტმა გვთხოვა კონსულტაციის გაწევა ამ მიმართულებით. ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ და ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ მას. ეს არის მხოლოდ კონსულტაცია სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით. რას გაიზიარებს და როგორ, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, რაც აისახება პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში. ვფიქრობ, პრეზიდენტს ძალიან კარგი მიმღებლობა ჰქონდა ამ საკითხებისადმი და საბოლოოდ, იგი უზრუნველყოფს საკითხების ისე დარეგულირებას, რომ ეს იქნება დაბალანსებული და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 30 ოქტომბერს შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ვიცე-პრემიერს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისთვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

ჯერჯერობით უცნობია, ბრძანებულების შინაარსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს პარლამენტში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ბრძანებულების პროექტზე ჯერ მუშაობა არ დასრულებულა და ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი საბოლოო სახის მიღების შემდეგ გახდება.

პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 18 სექტემბერს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გაირკვა, რომ მის მიერ მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებულ პირთა შორის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირებიც იყვნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის:

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG