Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა


“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ”, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომის გახსნისას.

პატრიარქის გამოსვლის ტექსტი შესულია სხდომის ოქმში, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა: „დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.

მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას. დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე“.

კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე, აღნიშნა, რომ „დროის სირთულიდან გამომდინარე არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში“.

პატრიარქმა ერთ-ერთ ასეთ პრობლემად დაასახელა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი და თქვა, რომ „ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა“.

წმინდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა 42 მღვდელმთავარი. სინოდმა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე, მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს და პრეზიდენტთან შუამდგომლობა გაუწია დეკანოზ მამალაძის შეწყალებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG