ჭყონდიდის ეპარქიაში დანიშნულ ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) ყოფილ მიტროპოლიტს და ეპარქიის სასულიერო პირებს შეხვდა.
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძემ), რომელიც ეპისკოპოს გრიგოლთან ერთად იმყოფებოდა, პეტრე ცაავას მომავლის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
„არის მეუფის თხოვნა, რომ აქ რომელიმე მონასტერში წავიდეს, პატრიარქის პასუხს ველოდებით ჯერ. ან იმ მონასტერში დარჩება, ან წავა შიომღვიმეში“, - ქორეპოსკოპოს თეოდორეს სიტყვებს იქვე გამოეხმაურა პეტრე ცაავა.
„შიომღვიმეში არ წავალ“, - თქვა ყოფილმა მიტროპოლიტმა. თეოდორემ დააზუსტა: „პატრიარქი გადაწყვეტს“. „არა, მე თვითონ გადავწყვეტ“, - კვლავ საუბარში ჩაერთო პეტრე ცაავა და განაგრძო, - „შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვთხოვე ერთ-ერთი მონასტერი, მონაზონთან ერთად. დაველოდები პასუხს, თუ არადა, თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას, სად ვიქნები“.
პეტრე ცაავამ მალევე დააზუსტა, რომ სურს ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში იყოს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის შესახებ აზრი არ შეუცვლია, მზად არის, ეპარქია გადააბაროს.
ჭყონდიდში დანიშნულმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღნიშნა, რომ პეტრე ცაავა ჯერჯერობით ეპარქიაში დარჩება.
„რჩება ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი, გვეხმარება გადაბარებაში. ძალიან ბევრი არის გაკეთებული ამ ეპარქიაში, კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. ჯერ რჩება, დაასრულოს მშენებლობა. ძალიან დიდი ეპარქიაა, ბევრი მონასტერი, მეურნეობა“, - ამბობს ეპისკოპოსი გრიგოლი და პეტრე ცაავას უნარების შესახებ მიუთითებს, - „არ ვარ არც ეკონომისტი, არც იურისტი და მეუფეს [პეტრე ცაავას] უფრო ეხერხება ეს. ძალიან ბევრი ხანი სჭირდება გადაბარებას. მე მარტო ვერ შევძლებ, ვთხოვ, რომ მეუფე [პეტრე ცაავა] დარჩეს აქ“.
შეკითხვას, როდის წავა პეტრე ცაავა მონასტერში, როგორც პატრიარქმა განაწესა? გრიგოლი პასუხობს: „არ ვიცი“.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მან გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად მის მიერ ეკლესიაში „მამათმავლობის მხილება“ დაასახელა.
სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გაათავისუფლა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან.
სინოდის გადაწყვეტილებითვე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).