აზერბაიჯანში ცნობილი უფლებადამცველი, ოქტაი გულალიევი კომაშია მას შემდეგ, რაც ბაქოში მანქანა დაეჯახა, - იუწყება მისი მეუღლე.
ფირუზა გულალიევა რადიო თავისუფლებას 4 ნოემბერს ესაუბრა, ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც 29 ოქტომბერს მისი ქმარი ბაქოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს.
გულალიევი ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპრესიების და წამების საწინააღმდეგო კომიტეტს“, რომელიც პატიმრების უფლებებს იცავს. ის აქტიურად იცავდა ათობით პირს, რომლებიც მაღალი ინტერესის, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ფარგლებში დააპატიმრეს.
მას შემდეგ, რაც გულალიევს მანქანა დაეჯახა, მისი კოლეგები და ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობას ადანაშაულებენ უფლებადამცველის მკვლელობის მცდელობაში. ბაქოს პოლიციამ 1 ნოემბერს უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ გულალიევს უბრალოდ საგზაო ავარია შეემთხვა, რომელსაც კავშირი არ აქვს მის საქმიანობასთან.
გულალიევის ვაჟმა, ალიმ, რადიო თავისუფლების რუსულენოვან არხს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ 1 ნოემბერს უთხრა, რომ მამამისზე ზეწოლა ხორციელდებოდა მთავრობის მხრიდან და ის მუქარებს იღებდა უცნობი პირებისგან.